მთავარისაქართველო„პფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 ივლისიდან დაიწყება

„პფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 ივლისიდან დაიწყება

საქართველოში კორონავიუსის საწინააღმდეგო "პფაიზერის" ვაქცინა 14 ივლისს გამთენიისას ჩამოვიდა

14 ივლისს გამთენიისას თბილისის  აეროპორტში დაჯდა თვითმფრინავი, რომლითაც  ქვეყანაში „პფაიზერის“ ვაქცინის 28 ათასი დოზა ჩამოიტანეს. „პფაიზერის“ ვაქცინით აცრა 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ვაქცინაციის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. თუმცა ვაქცინის 28 ათასი დოზა დაახლოებით 14 ათასი პირისთვის არის საკმარისი.

“პფაიზერთან“ გვაქვს დადებული ხელშეკრულება,  რომ ყოველკვირეულად გარკვეული რაოდენობა შემოვიდეს ქვეყანაში. შემდეგ კვირას დაახლოებით ამავე მოცულობას ველოდებით. ივლისის ბოლოს უფრო მეტი დოზა უნდა მივიღოთ და ივლის-აგვისტოში, დიდი ალბათობით, „პფაიზერის“ 600 ათასამდე დოზა გვექნება“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, „პფაიზერის“ ვაქცინით აცრა მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის შერჩეულია მხოლოდ 7 კლინიკა. მათგან 4 თბილისშია, 3 კი – რეგიონებში.

„მოქალაქეები „პფაიზერის“ ვაქცინით აცრას შეძლებენ თბილისის შემდეგ კლინიკებში: „ამტელ ჰოსპიტალში – პირველ კლინიკურ საავადმყოფოში“; „კავკასიის მედიცინის ცენტრში“; „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და „ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში“; ბათუმში –  „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში“; ქუთაისში – „დასავლეთი საქართველოს სამედიცინო ცენტრში“; გორში კი – „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“. დღეის მდგომარეობით, „პფაიზერით“ ვაქცინაციისთვის  30 ბრიგადა იქნება განკუთვნილი,  ეტაპობრივად ჩაერთვება 80 დამატებითი კლინიკა და სულ მცირე 240 ბრიგადით მოვემსახურებით ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

„პფაიზერის“ ვაქცინით სრულად აცრისთვის 2 დოზაა საჭირო, მათ შორის ინტერვალი 21-დან 28 დღემდე უნდა იყოს. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, ასევე ცხელი ხაზის 144-ის დახმარებით და პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროს შეუძლიათ.

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა,  რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ დავამარცხოთ პანდემია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქემ სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ აიცრას“, – ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, „პფაიზერის“ ვაქცინით აცრას 16 წელს ზემოთ მოქალაქეები, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან შეძლებენ.  საქართველოში „პფაიზერის“ ვაქცინის ჩამოსვლას რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდნენ. ამ დრომდე ქვეყანას მხოლოდ 29 ათას 500 დოზა ჰქონდა მიღებული. რაც საკმარისი დაახლოებით 14 ათასი ადამიანისთვის იყო.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend