მთავარისაქართველომედიის პროტესტი გრძელდება

მედიის პროტესტი გრძელდება

გრძელდება მედიასაშუალებების პროტესტი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. 14 ივლისს პროტესტის ნიშნად ერთი დღით გაითიშა 4 მაუწყებელი – ტელეკომპანია პირველი, ფორმულა, მთავარი არხი და კავკასია. 13 ივლისს კი 10 წუთით შეაჩერეს მაუწყებლობა რეგიონულმა არხებმა. გათიშულ არხებზე ჩანს წარწერა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის და 5 ივლისის ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯის მოთხოვნით. 5 ივლისს, სიძულვილის გამომხატველი ჯგუფების აქციის გაშუქებისას 55 პირი დაშავდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია, თუმცა ამ დროისთვის დაზარალებულად მხოლოდ 30 ჟურნალისტი ცნეს. ჟურნალისტებისა და სამოქალქო აქტივისტების ორგანიზებით საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციებიც გაიმართა.

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე – საქართველოს 4 მაუწყებლის ეთერში 1 დღით მხოლოდ ამ მოთხოვნას ხედავს მააყურებელი. ეკრანზე ჩამოთვლილია იმ ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების სახელებიც, რომლებიც 5 ივლისის აქციის გაშუქებისას, სიძულვილის გამომხატველი ჯგუფების მხრიდან ძალადობის გამო დაშავდნენ. ასეთი სულ 53 იყო, მათზე ძალადობისთვის ბრალდებული კი ჯერ-ჯერობით ბევრად ნაკლებია. 13 ივლისს რეგიონულმა არხებმაც შეაჩერეს მაუწყებლობა და 10 წუთის განმავლობაში მაყურებელი ხედავდა მხოლოდ ერთ წარწერას – „ლექსოსთვის“. ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, გუშინ, 13 ივლისს დაკრძალეს. ის ბოლო გზაზე კოლეგებმა  ტაშით გააცილეს.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის აქციაზე, სიძულვილის გამომხატველი ჯგუფები დაესხნენ თავს, სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა.

11 ივლისს იგი, სახლში გარდაცვლილი ნახეს ოჯახის წევრებმა. ლექსოს გარდა იმ დღეს მედიის სხვა წარმომადგენლებიც დაშავდნენ, მათი ნაწილი ახლაც გადის რეაბილიტაციას.

5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კვირეული რუსთაველის გამზირზე ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო. თუმცა იმავე დღეს,  მოძალადე ჯგუფები სწორედ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. მათ დაარბიეს თბილისი პრაიდისა და მოძრაობა სირცხვილიას ოფისები, რაშიც მათ ხელი ვერავინ შეუშალა. განსაკუთრებული აგრესიით მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოირჩეოდნენ. უსწორდებოდნენ ფიზიკურად და აზიანებდნენ ტექნიკას. რუსთაველის გამზირზე იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, თუმცა მედია მოძალადეების პირისპირ მაინც მარტო დარჩა.

14 ივლისს, გამოძიებას ჯერ ისევ არ აქვს პასუხი კითხვაზე – ვინ იყო სიძულვილის ჯგუფების აქციის ორგანიზატორი.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend