ოთხშაბათს ევროკომისიაში აპირებენ ახალი საკანონმდებლო პაკეტის წარდგენას, რომელიც მიზნად 2035 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვის 55 პროცენტით შემცირებას ისახავს. გეგმაში ახალი რეგულაციებია გათვალისწინებული, ამის გამო საზღვაო გადაზიდვისა და ავიაციის ინდუსტრიებში უკმაყოფილებას გამოხატავენ.
„ისინი, ვინც გარემოს სათბური აირებით აბინძურებს, უნდა იხდიდნენ გადასახადს. ახლა ეს ასე არ არის. ლითონის, ცემენტისა და სხვადასხვა ქიმიკატების ინდუსტრიების 90 პროცენტი ამჟამად დამატებით გადასახადებს არ იხდის“, – აცხადებს Carbon Market Watch-ის დირექტორი სემ ვან დენ პლასი.
ახალი გეგმა ერთ იდეაზეა დაფუძნებული: ვინც აბინძურებს, უნდა გადაიხადოს. გადასახადები დაეკისრებათ ენერგეტიკისა და ინდუსტრიული წარმოების სფეროებში მომუშავე კომპანიებს, რომლებიც ევროკავშირის გამონაბოლქვების 40 პროცენტზე არიან პასუხისმგებელი.
თუმცა, აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საკმარისს არ აკეთებენ. საზღვაო ინდუსტრიაში კი აცხადებენ, რომ გამონაბოლქვის შემცირების ახალი გზების მოძიებაა საჭირო.
„ჩვენ ვეძებთ ყველაზე ეფექტიან გზას. უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი, რომელიც მეცნიერულ კვლევებს დააფინანსებს. იმისათვის, რომ შემცირდეს ნახშირბადის გამოყოფა, ჩვენ ახალი სახის საწვავი გვჭირდება“, – ამბობს საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენელი მარტინ დორსმანი.
ახალი გეგმა შეეხება ასევე ევროპის საავიაციო ინდუსტრიასაც. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგულაციების გამო ისინი არაევროპულ კომპანიებს კონკურენციას ვეღარ გაუწევენ.