მთავარიაზიაერაყიერაყში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ ნასირიაში მდებარე საავადმყოფოში, რომელშიც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძარი გაჩნდა, რასაც სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,  ათობით ადამიანი კი დაშავდა. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, აფეთქება უსაფრთხოების წესების დარღვევის, კონკრეტულად კი ჟანგბადის გაჟონვის გამო მოხდა..

ამ ინციდენტთან დაკავშირებით, პრემიერ- მინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმმა შეხვედრები გამართა მინისტრებთან და ქალაქ ნასირიას ჯანდაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის მენეჯერების დაპატიმრების განკარგულება გასცა.

ახალ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც სამი თვის წინ გაიხსნა, 70 საწოლი იყო განთავსებული, ხანძრის დროს კი საავადმყოფოში  63 პაციენტი იმყოფებოდა.

ერაყში წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა,  როდესაც ხანძრის გამო საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები დაიღუპნენ. ბაღდადში აპრილში საავადმყოფოში ჟანგბადის ავზის აფეთქებას 82 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინციდენტებმა ერაყის საავადმყოფოებში დაუდევრობა და სისტემური არასწორი მენეჯმენტი გამოავლინა. ექიმები მთავრობას აკრიტიკებენ, რომ  საავადმყოფოებში უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის.

ერაყი პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების ჩამონათვალში  მოწინავე პოზიციას იკავებს.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1.4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ვირუსს 17 592 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გასული კვირის განმავლობაში კი ერაყში კორონავირუსით ინფიფიცირებულთა 9000 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend