მთავარიევროპასაფრანგეთიმაჰამატ-სალეჰ ჰარუნის ფილმი „წმინდა კავშირი“ კანის კინოფესტივალზე

მაჰამატ-სალეჰ ჰარუნის ფილმი „წმინდა კავშირი“ კანის კინოფესტივალზე

მაჰამატ-სალეჰ ჰარუნის ახალი ფილმი „წმინდა კავშირი“ მოგვითხრობს მარტოხელა დედის, ამინას ისტორიას. იგი საზოგადოებიდან განდევნეს, რადგან მან შვილი უკანონოდ გააჩინა. პერსონაჟის ცხოვრება კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც მისი 15 წლის გოგონა ასევე ქორწინების გარეშე ფეხმძიმდება. იგი დილემის წინაშე დგას – გაჰყვეს დედის კვალს, თუ გაიკეთოს აბორტი, რომელიც მის ქვეყანაში აკრძალულია.

„მარტოხელა დედა ასეთ მდგომარეობაში მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება იყოს. განსხვავება ის არის, რომ ჩადში გათხოვების გარეშე დაფეხმძიმება აკრძალულია, ამ თემაზე საუბარიც კი არ შეიძლება. ამინა სწორედ ამის გამო გარიყეს. მისი შვილიც, დედის მსგავსად, ქორწინების გარეშე ფეხმძიმდება. მას აბორტის გაკეთება უნდა, ეს კი კატეგორიულად აკრძალულია. ამინას ქალიშვილის კარგად ესმის“, – მოგვითხრობს მსახიობი აჩუაკ აბაკარ სულეიმანი, რომელიც ამინას როლს ასრულებს.

ფილმის რეჟისორი გეგმავს, რომ ჩადში ფილმი თავდაპირველად მხოლოდ ქალებს აჩვენოს. იგი იმედოვნებს, რომ აუდიტორიასთან დისკუსიას გამართავს და ეს მათ ერთგვარ ძალას მისცემს.

„მინდა, სპეციალური ჩვენება მოვაწყო, მხოლოდ ქალებისთვის. მგონია, რომ თავს უფრო თავისუფლად იგრძნობენ და ინტიმურ პრობლემებზეც ისაუბრებენ. მეც თუ იქ ვიქნები, ტრადიციების გამო ისინი ამ თემებზე საუბარს ვეღარ შეძლებენ“, – ამბობს ფილმის რეჟისორი, მაჰამატ-სალეჰ ჰარუნმა.

სულეიმანი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქალ მსახიობთაგან, რომლიც ჩადში მუშაობს. მას წარმატებული კარიერა ელოდება.

„მე პირველი ვარ იმ ქალთაგან, რომელთაც ეს ფილმი უკვე დაეხმარა. ფილმში ვეწევი, ისედაც მწეველი ვარ, თუმცა ამის დამალვა მიწევს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 39 წლის ვარ. არ ვამბობ, რომ ყველა ქალმა უნდა მოწიოს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე უნდა შეძლო და იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ. მგონია, რომ ამ ფილმით სწორედ ამას მივაღწევთ. ხალხი შეძლებს თვითშეფასების ამაღლებას და მიხვდება, რომ არ არის აუცილებელი, იყო უნაკლო“, – აღნიშნა აჩუაკ აბაკარ სულეიმანმა.

ფილმს კანის კინოფესტივალზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
პანდემიის გამო გამოწვეული დიდხნიანი პაუზის შემდეგ ფესტივალზე დაბრუნებამ რეჟისორში ბევრი დადებითი ემოცია გამოიწვია.

„წელიწადზე მეტი გავატარეთ კინოინდუსტრიის გარეშე, შესაბამისად, ცხოვრება შევაჩერეთ, ვინაიდან კინო ჩვენი ცხოვრებაა. ჩემთვის იგი სინათლეა, რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება. კანში დაბრუნება შეუდარებელი შეგრძნებაა. ძალიან სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ მაყურებელმა ეს ამბავი გულთან ახლოს მიიტანა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პატარა ღრუბელზე ვზივარ“, – ამბობს მაჰამატ-სალეჰ ჰარუნი.

კანის კინოფესტივალი 6 ივლისს დაიწყო და 17 ივლისამდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend