მთავარისაქართველოპარლამენტში მედიის მუშაობა შეიზღუდა, დეპუტატები კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტში მედიის მუშაობა შეიზღუდა, დეპუტატები კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

12 ივლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მედია შეზღუდული რაოდენობით დაუშვეს.

ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მიიღო. ამას, სამოქალაქო სექტორისა და მედიაორგანიზაციების მენეჯერების გაღიზიანება მოჰყვა. ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად დარბაზში „ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი და „ფორმულას“ წამყვანი ვახო სანაია შევიდნენ. ამის შემდეგ დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკურ შეხლა-შემოხლა მოხდა. სიტუაცია პარლამენტის მანდატურის სამსახურმა განმუხტა. სხდომა შედარებით მშვიდ ვითარებაში გაგრძელდა.

პარლამენტის შენობაში არსებული დაძაბულობის ფონზე, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა საერთოდ აკრძალა საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტებული მედიის წარმომადგენლების შეშვება. ჟურნალისტებისთვის, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით პროფესიული მოვალეობის შესრულება შეიზღუდა. ამ ფაქტს კი სხვადასხვა ტელეკომპანიის მედიამენეჯერის პროტესტი მოჰყვა.

“კონსტიტუციური უფლებები დარღვეულია 1 ბრძანებით სამთავრობო დაცვის სამსახურის. ეს ძალადობები უნდა გაჩერდეს და ერთადერთი რაც ამ ძალადობებს გააჩერებს, ამ ეტაპზე, არის მთავრობის სრული შემადგენლობით წასვლა”, – განაცხადა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

მედიის მუშაობის შეფერხება, გარდაცვლილი ოპერატორის საქმე და სხვა მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მათ მთვარობის გადადგომა და დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვეს.

“ან ამ პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ირაკლი ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს ეს პარლამენტი – ვითარება უნდა იყოს მკაფიო ქვეყნის შიგნით ყველა მოქალაქისთვის და ქვეყნის გარეთ საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი ყველა პარტნიორისთვის“, – აცხადებს პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

 მმართველი პარტიის სახელით მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი განცხადებით, ოპოზიციისა და მედიის დესტრუქციულ ძალებს არეულობის და ქაოსის შექმნა სურთ.

“ისინი მიიღებენ პოლიტიკურ პასუხს აბსოლუტურად ყველანაირ ამორალურ ქმედებაზე. გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე პოლიტიკური ქულების ჩაწერა საქართველოში უნდა დაისაჯოს უმკაცრესად. ეს არის ოპოზიციის ის ძალები, რომლებიც უტევენ ქართულ სახელმწიფოს და ანტიეკლესიურ განცხადებებს აკეთებენ. ყველას პასუხი გაეცემა“, – თქვა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში მედიის მუშაობა მთელი დღის განმავლობაში შეფერხდა. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე კი სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფები საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend