მთავარისაქართველოაქცია და მთავრობის პოზიცია

აქცია და მთავრობის პოზიცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს, არც აქციის ორგანიზატორები გეგმავენ დანებებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს. არც იმ აქციის ორგანიზატორები გეგმავენ დანებებას, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ხუთი ივლისის მოვლენების გამო მოითხოვენ. ხუთ ივლისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოში მედიის 53 წარმომადგენელზე  ძალადობის გამომხატველმა ჯგუფებმა იძალადეს. მათგან ერთი, ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, 11 ივლისს დილით გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღეს შუადღის 12 საათზე ამოიწურა ვადა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობის დატოვებამდე მისცეს. თუმცა 12 საათამდე 49 წუთით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომიდან მოსახლეობას აუწყა, რომ ის გადადგომას არ აპირებს და 5 – 6 ივლისის მოვლენებს აფასებს, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ წარუმატებელ შეთქმულებას.

„ვნახეთ, რომ ისინი ცდილობდნენ, ეს ტრაგედია გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე მკაცრად იქნება დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა ოთხი პირი, რომლებიც მისი ცემის საქმეში იყვნენ ჩართული. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ახალმა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ძალადობის გამომხატველი ჯგუფის წევრების მიმართ აგრესიისგან, რომელსაც თავად ე.წ. „აღლუმის მოწინააღმდეგე უმრავლესობა“ უწოდა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ

„შეწყვიტეთ ჩემი და ჩემნაირი მოქალაქეების დაშინება ევროკავშირითა და ამერიკით. იმიტომ, რომ ჩვენ ამ დაშინებით არ შევიცვლით ორიენტაციას და ეს არის ევროატლანტიკური ორიენტაცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა.

საქართველოს კულტურის მინისტრი აღნიშნავს, რომ პოლიციის შესაძლებლობები არ არის ამოუწურავი. ამიტომ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღირსების მარშის ორგანიზატორებს რუსთაველის გამზირის ნაცვლად, მარშის სხვაგან ჩატარება შესთავაზა, მათ უნდა მოესმინათ.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. მისი განცხადებით, მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფა იმ მოქალაქეებისთვის,  რომელთაც კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება სურთ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ასევე ხელისუფლება ვალდებულია, რომ უზრუნველყოს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის უსაფრთხო გარემოში შესრულება.

„სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ ვიხილეთ. ახლა მე ვიმედოვნებ, რომ ამ თავისუფლების ღირებულება და მნიშვნელობა უფრო დაფასდება, და უფრო მეტ ძალისხმევას გამოიჩენენ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა უსაფრთხო გარემოში ისარგებლონ  თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებით. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ ვინ გაგიძღვებათ წინ. აქ დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს. ესაა, რისი დანახვაც ჩვენ გვინდა და არა ქუჩაში ძალადობისა“, – განაცხადა კელი დეგნანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

ხუთ ივლისს საქართველოში ღირსების მარში იყო დაგეგმილი. თუმცა სიძულვილის გამომხატველმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. ამ დღეს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან მედიის 53 წარმომადგენელი. ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა იყო, რომელსაც 5 ივლისს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა სახის ძვლების ჩამტვრევის გამო. მისი გარდაცვალების შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა გამართეს აქცია, სახელწოდებით „გადადგეს მკვლელი მთავრობა“. მათ განაცხადეს, რომ აქციების ტალღა არ შეწყდება, სანამ მთავრობა არ გადადგება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend