მთავარიგადაცემებიSmart Regionsკალაბრიის მწვანე უნივერსიტეტი

კალაბრიის მწვანე უნივერსიტეტი

200 ჰექტარზე გადაჭიმული კალაბრიის უნივერსიტეტი, რომელსაც უნიკალსაც UNICAL უწოდებენ, ყველაზე დიდი კამპუსია იტალიაში და ერთ-ერთი ყველაზე მწვანეა მთელ ევროპაში.

ამ უნივერსიტეტში 30 ათასი სტუნდეტი სწავლობს [ვებისთვის: მათ შორის ათასი უცხოელია]. ბოლო წლებში უნივერსიტეტმა თავისი ენერგომომარაგება და მოხმარება სრულიად შეცვალა. უფრო ეკოლოგიური რომ იყოს, კამპუსში კომბინირებული ელექტრომომარაგება დანერგეს, რომელშიც შედის გეოთერმული და მზის ენერგიის წყაროები – მზის ბატარეები და ელემენტები. შედეგად, ეს კამპუსი ელექტრომომარაგებაზე წელიწადში ნახევარ მილიონ ევროს ზოგავს.

ნიკოლა ლეონე , UNICAL-ის დეკანი ამბობს, რომ კალაბრიაში კამპუსის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვა ძალიან რთული იყო. „ ეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია. ჩვენ  დიდი ფინანსური რესურსების იმედი არ გვქონდა, ამიტომ ევროკომისიის შეთავაზებით ვისარგებლეთ. მონაწილეობა მივიღეთ  კონკურსში და მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი დაფინანსება მდგრადი განვითარებისთვის“, – განაცხადა ნიკოლა ლეონემ.

ენერგიის ტრანსფორმაციის მთლიანი ბიუჯეტი 18 მილიონი ევროა, რომლის 75 პროცენტს ევროპის რეგიონული განვითარების პროგრამა ფარავს.

კამპუსის 96 კუბის ფორმის კორპუსს ერთმანეთთან ცენტრალური ხიდი აკავშირებს. კორპუსები განათებულია შუქდიოდების სისტემით, რომელიც დისტანციურად იმართება. ეს სისტემა 33 ათასი შუქდიოდისაგან შედგება და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ცეოორის გამონაბოლქვის შემცირებას.

უნივერსიტეტი დედამიწისა და მზის ენერგიასაც იყენებს გეოთერმული სისტემის, ასევე მზის ელემენტებისა და პანელების მეშვეობით. ასეთ ეკოლოგიურ კამპუსში ენერგეტიკის მენეჯერის ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ვიტორიო ფერარო, UNICAL -ის ენერგეტიკის მენეჯერი:

„მზის ბატარეების სისტემა მთელ ხიდზეა დამონტაჟებული, რაც საშუალებას გვაძლევს წელიწადში  ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი 900 ტონით შევამციროთ. შუქდიოდების სისტემა  წელიწადში 800 ტონით ამცირებს ამ გამონაბოლქვს, დედამიწის თერმული ენერგია კი – 90 ტონით.“

ეკოლოგია ამ უნივერსიტეტის ცხოვრების წესია. აუდიტორიებში სინათლე სენსორული სისტემის მეშვეობით ირთვება და ქრება, რაც ელექტრონერეგიას ზოგავს. თითქმის ორკილომეტრიან ცენტრალურ ხიდზე გადასვლა კი მხოლოდ ველოსიპედით ან ფეხით შეიძლება. სტუდენტებში პატივისცემას იწვევს ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტი პრაქტიკაში ნერგავს იმას, რასაც სტუდენტებს კლასში ასწავლიან.

ვალენტინა ფილიჩე, ელექტროინჟინერიის სტუდენტი:

„ისინიც კი, ვინც ქალაქის შემოგარენში ცხოვრობს, როცა აქ მოდიან, თავს ისე გრძნობენ, თითქოს სხვა ქალაქში მოხვდნენ. ეს მხოლოდ  მწვანე კორპუსების გამო კი არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ აქ იგებენ, როგორ შეუძლია მცირე ცვლილებებს გარემოზე დიდი გავლენის მოხდენა.“

კალაბრიის უნივერსიტეტი, გარდა იმისა, რომ საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც უამრავი სამეცნიერო და კვლევითი პროგრამა მიმდინარეობს,  მისაბაძი მაგალითიც არის ყველა სხვა უნივერსიტეტისთვის მთელ მსოფლიოში, თუ როგორ დანერგონ უფრო ეკოლოგიური სტანდარტები.

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend