მთავარი საქართველო ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის საკონკურსო ეტაპი დასრულებულია

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის საკონკურსო ეტაპი დასრულებულია

პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტისთვის წარსადგენად ცესკოს მოქმედი თანამშრომლები – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია.

გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია ხუთი კანდიდატი ცესკოს წევრობის ვაკანტური თანამდებობებისთვის. ესენი არიან: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის საკონკურსო ეტაპი დასრულებულია. საკონკურსო კომისიამ  საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები წარუდგინა.

ISFED-მა ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე არცერთ, ხოლო წევრად ორ კანდიდატს დაუჭირა მხარი. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ISFED-ი არ ეთანხმება საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას და მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომისიას უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა. ამ ფაქტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოშიც“ აფასებენ.

„სამწუხაროა, რომ ამ ორ კანდიდატზე შეჩერდა კომისიის უმრავლესობის ხმები. იმიტომ, რომ  მე პირადად არ მიმიცია არც ერთი კანდიდატისთვის ხმა. თავმჯდომარეობის კანდიდატები ვინც იყვნენ, ჩემი აზრით, არც ერთი არ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რაც საჭირო არის ცესკოს თავმჯდომარეობისთვის. ამიტომ, სამწუხაროა, რომ კომისიამ, უმრავლესობამ მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ თუ აქედან რომელიმე გახდება ცესკოს თავმჯდომარე საზოგადოებაში ნდობის ნაკლებობას ვერ აღმოფხვრის“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა.

ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 30 ივნისს სოციალურ ქსელის „ფეისბუკ“ გვერდზე დაწერა, რომ თანამდებობას ტოვებდა.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადა 6 ივლისს ამოეწურათ. 7 ივლისს კი კანდიდატების სია გახდა ცნობილი. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი მაღალ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ვერ მოიპოვებენ.

„ჩვენ მხარი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებისთვის არც ერთისთვის არ დაგვიჭერია, მე და ჩემი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ნაწილთან მიმართებით იქ სანდოობაზე იყო გარკვეული კითხვის ნიშნები, ნაწილთან მიმართებით კვალიფიკაციაზე იყო სერიოზული კითხვის ნიშნები. რაც შეეხება შერჩეულ კანდიდატებს, მათთან მიმართებითაც არ დაგვიჭერია მხარი. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო არჩევნებიდან გამომდინარე, ისინი ვერ იმსახურებენ იმ მაღალ საზოგადოებრივ სანდოობასა და იმ მაღალ პოლიტიკურ სანდოობას, რომელიც კანონმდებლობით არის მოთხოვნილი. ეს ადამიანები მაღლა თანამდებობებს იკავებდნენ წინა არჩევნების დროს და პირდაპირ ასოცირდებიან იმ არჩევნებთან. აქედან გამომდინარე, თუ რაღაც უნდა შეცვლილიყო და ახლიდან უნდა დაგვეწყო, რა თქმა უნდა, ეს ახლიდან დაწყება ვერ იქნება, როდესაც წინა არჩევნებთან ასოცირებული ადამიანები შეიძლება იყვნენ ცესკოს თავმჯდომარეები“, – თქვა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

შემდეგი ეტაპი უკვე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაა – წარუდგინოს შერჩეული კანდიდატები საქართველოს პარლამენტს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend