მთავარიUnreported Europeქარის განახლებადი ენერგიის აქილევსის ქუსლი - ტურბინების ფრთების გადამუშავება ისევ პრობლემად რჩება

ქარის განახლებადი ენერგიის აქილევსის ქუსლი – ტურბინების ფრთების გადამუშავება ისევ პრობლემად რჩება

ქარის ტურბინებს ზოგი საოცარ ტექნოლოგიურ მიღწევად თვლის, რომელსაც  ენერგომოთხოვნაზე პრობლემის მოგვარება შეუძლია. ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს ტურბინები პეიზაჟს ამახინჯებს და ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს უქმნის.

ცხადია, რომ მომავალში ქარის ენერგია ევროპისთვის დიდი თავსატეხი იქნება. ბოლო დაპირისპირება ტურბინების ფრთების გადამუშავების საკითხზე დაიწყო.

მარიონ ვალე,  COLLECTIF 34-12-ის ნდობით აღჭურვილი პირი წუხს, რომ ეროს  დეპარტამენტის ჩრდილოეთით ძალიან ბევრი ქარის ელექტროსადგურია და მათ შორის მანძილი მხოლოდ ერთი კილომეტრია.

„შეგვიძლია, 300 ტურბინა დავთვალოთ. ეს გიგანტური რიცხვია!“ – ამბობს მარიონი.

სამხრეთ საფრანგეთში ქალაქ ლიუნასისა და მისი შემოგარენის მოსახლეობას ბერნაგეს  ქარის ელექტროსადგურის შვიდი ტურბინის აღება სურს.  ამისთვის ისინი წლებია,  იბრძვიან. საქმის სასამართლო განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მარიონ ვალე  COLLECTIF 34-12-ის წარმომადგენელი:

„ჩვენ ქარის სადგურის წინააღმდეგი არ ვართ. ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ადგილებში დადგან.  ოქსიტანიის რეგიონის 70 პროცენტზე სწორედ ეს ხდება.“

მარიონის ორგანიზაცია Collectif 34-12-ის ნდობით აღჭურვილი პირია. ივნისის დასაწყისში მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ „ბერნაგის“ქარის სადგურის წინ აქცია მოეწყოთ. მას შემდეგ, რაც  ქარის ტურბინების დაშლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა.

მარიონ ვალე:

„ბერნაგის ქარის ტურბინები სიმბოლოა. ეს არის  ქარის იმ ყველა ტურბინის სიმბოლო, რომლებიც საფრანგეთში მთაგრეხილებზე  დგას და უნდა დაიშალოს ან განადგურდეს.“

მალე მთელ ევროპაში მრავალ ტურბინას დაშლიან, თუმცა მხოლოდ მცირე რაოდენობას აიღებენ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო.

ტურბინების პირველი თაობა ძველდება და უფრო თანამედროვე და ეფექტიანი ტურბინებით უნდა შეცვალონ. ეს პროცესი, რომელსაც განახლება უწოდეს, ევროპაში სხვადასხვა ტემპით უკვე მიდმინარეობს. სწორედ ეს ხდება ახლა ბელგიის ქალაქ გენტში.

ელიზაბეტ კალენსა, ENGIE BELGIUM-ის განახლებადი ენერგიის პროექტის მენეჯერი განმარტავას, რომ ახალი ტურბინების გამომუშავება გაორმაგდება.

„ერთი ტურბინის სიმძლავრე  2 მეგავატიდან 4.2 მეგავატამდე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ სამჯერ მეტ ელექტროენერგიას ვაწარმოებთ, საათში 9 ათას კილოვატ-საათზე მეტი იქნება და 5800 ოჯახს მოვამარაგებთ“, – განაცხადა ელიზაბეტ კალენსამ.

ქარის ტურბინების განახლების ფარგლებში ევროპაში 5700-მდე ტურბინა დაიშლება. დღეს წესით ტურბინის 90 პროცენტი უნდა გადამუშვდეს. პრობლემას ფრთები ქმნის, რადგან ისინი ძალიან გამძლე კომპოზიტებისაგან შედგება, რომელთა გადამუშავებაც არ არის გათვალისწინებული.

რას უხერხებენ ტურბინის ფრთებს ახლა? უმეტესობას ხელახლა იყენებენ. მაგალითად, ამ ფრთებს უკრაინაში დადგამენ. მაგრამ ტურბინების დაშლის შემდეგ  5-10 წელიწადში მათი რიცხვი იმდენად დიდი იქნება, რომ მთელი სისტემა უნდა შეიცვალოს.

ვიმ რობერტესენი, კომპანია BUSINESS IN WIND-ის მმართველი დირექტორი:

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ მიერ დაშლილი ტურბინების 80 პროცენტს სხვაგან ისევ ტურბინებად იყენებენ. მაგალითად, ევროპაში, იტალიაში, შვედეთსა თუ დანიაში.   დანარჩენ 20 პროცენტს ვამუშავებთ, რადგან ეკონომიკურად გაუმართლებელია მათი ხელახლა გამოყენება. მაგრამ სულ მალე, ჩემი აზრით, ასე 2 წელიწადში, 80 პროცენტის გადამუშავება მოგვიხდება, რადგან მეორადი ტურბინებისთვის სულ უფრო ცოტა ადგილი რჩება, თან ახალი და უფრო დიდი ტურბინები უფრო კონკურენტუნარიანია.“

დღესდღეობით იმ ფრთებს, რომლებსაც ვერც ხელმეორედ იყენებენ და ვერც წვავენ, ნაგავსაყრელზე ტოვებენ.

ნაგავსაყრელები ევროპაში მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ გერმანიამ, ავსტრიამ, ნიდერლანდებმა და ფინეთმა აკრძალა. ევროპის ქარის ენერგიის ინდუსტრიამ ნაგავსაყრელების აკრძალვა 2025 წლისთვის მთელი ევროპის მასშტაბით მოითხოვა.

გილეს დიქსონი, ქარის ენერგიის ლობისტი ორგანიზაცია WINDEUROPE-ის ხელმძღვანელი:

“ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ფრთები ნაგავსაყრელზე მოხვდეს. ეს ფრთები არ არის ტოქსიკური და ტექნიკურად მათი გადაყრა უსაფრთხოა, მაგრამ ისინი ძვირად ღირებული რესურსების ნარჩენებია და მათი გადაყრა ეწინააღმდეგება ქარის ენერგიის ინდუსტრიის მიერ აღიარებულ ვალდებულებას, რომ  ცირკულარული ეკონომიკის ციკლი შექმნას.“

დღეის მდგომარეობით, ევროპაში თითზე ჩამოსათვლელია ის საწარმოები, რომლებსაც  ტურბინის ფრთების გადამუშავება შეუძლიათ. ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ ძალიან ახალია და  მისი გავრცელება სასწრაფოდ უნდა დაჩქარდეს.

ერთი ესპანური დამწყები ბიზნესი Reciclalia ფრთებს საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან და ჩრდილოეთი აფრიკიდან იბარებს. კომპანიაში ამბობენ, რომ 2021 წლის ბოლომდე წელიწადში 1500 ფრთის გადამუშავებას შეძლებენ.

RECICLALIA -ს მთავარი საოპერაციო დირექტორი დევიდ რომერო ამბობს, რომ მის კომპანიაში შესაძლებელია ფრთების კომპოზიტების შემადგენელი ყველა ორგანული მასალის გადამუსავებით სუფთა  მინის ან ნახშირბადის  ბოჭკო მიღება. ამ ბოჭკოების ხელმეორედ გამოყენებაც შესაძლებელია. ამ მიზნით  RECICLALIA  ახლა რამდენიმე მოწინავე კომპანიასთან მუშაობს, რომლებიც კერამიკის, მშენებლობის, ტრანსპორტის, ავტოინდუტრიისა და აერონავტიკის სფეროს წარმომადგენლები არიან.

ქარის ენერგიის სექტორის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ მთელი ევროპის მასშტაბით ნაგავსაყრელების აკრძლავა გადამამუშავებელი ტექნოლოგიის გავრცელებას დააჩქარებს. ეს, თავის მხრივ, გადამუშავებულ პროდუქტზე მოთხოვნას გაზრდის.

ქარის ენერგიის დანიური გიგანტი კომპანია Vestas-ის წარმოამდგენლები  ირწმუნებიან, რომ ძალიან ბევრს აკეთებენ, რათა ღირებულებათა სრული ჯაჭვის მდგრადობა გააუმჯობესონ. მათი საბოლოო მიზანი 100 პროცენტით გადამუშავებადი ფრთების დამზადებაა.

ლისა ექსტრანდი, VESTAS-ის მდგრადი მიმართულების ხელმძღვანელი:

„ჩვენი ფრთები დღეს დაახლოებით 42-43 პროცენტით გადამუშავებადია, ამიტომ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. თუ მკითხავთ, როდის მივაღწევთ 100 პროცენტს, გეტყვით, რომ მანამდე ჯერ შორია.“

ეს ინდუსტრია ცდილობს, გააუმჯობესოს როგორც წარმოება, ისე ეფექტიანობისა და გადამუშავების ხარისხი. მაგრამ, პირველ რიგში, ალბათ ის უნდა ვიკითხოთ, რამდენი ელექტროენერგია გვჭირდება და როგორ უნდა ვაწარმოოთ? ეს კომპლექსური კითხვაა და მასზე პასუხის გაცემას პარიზის ინტერდისციპლინარული ენერგიის კვლევის ინსტიტუტი  ცდილობს.

ერიკ ჰერბერტი, პარიზის ინტერდისციპლინარული ენერგიის კვლევის ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი:

„ჩვენ გვგონია, რომ ენერგიის წარმოებამ ყოველთვის საუკეთესო მაჩვენებლები უნდა დადოს როგორც ეფექტიანობის, ისე წარმადობის თვალსაზრისით. მაგრამ ბუნებაში ასე არ ხდება. მაგალითად, როდესაც ვმოძრაობთ, ბუნება ცდილობს, ძალის დაზოგვას. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ცხოველი მოძრაობს, მას სურს რაც შეიძლება ნაკლებად დაიღალოს. ამიტომ ენერგიის წარმოების სისტემაში საკვანძო საკითხი ის უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება დავზოგოთ ენერგია,  სხვანაირად უნდა ვმართოთ  ჩვენი, საზოგადოების, ქცევა.“

შესაძლოა, სწორედ ბუნების ამ მაგალითით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ ვიპოვოთ ზუსტი ბალანსი ბუნების დაცვასა და ჩვენ ენერგომოთხოვნას შორის.

ავტორი: მონიკა პინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend