იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის კომიტეტი ივლისის მეორე ნახევარში შეიკრიბება. სესიაზე იუნესკოს სიაში 45 ძეგლის დამატების საკითხი განიხილება. ამჟამად სიაში მსოფლიოს 1121 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია შეყვანილი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ ნაწილს განადგურების საფრთხე ემუქრება.
მოსკოვის კრემლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 1990 წელს შევიდა. ეს სტატუსი რუსეთს ტურისტების მოზიდვაში დაეხმარა, თუმცა პანდემიის გამო მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. შემოსავალი მოაკლდათ იმ უწყებებს, რომლებიც ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოების წარმართვაზე არიან პასუხისმგებელი.
მსგავსი ვითარებაა მსოფლიო მემკვიდრეობის სხვა ძეგლების შემთხვევაშიც. პერუში მდებარე ინკების მიერ აშენებული ქალაქი მაჩუ-პიქჩუ პანდემიის გამო შვიდი თვის განმავლობაში იყო დაკეტილი.
იუნესკოს ინფორმაციით, 2020 წელს მსგავსი ბედი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების 90 პროცენტმა გაიზიარა. ზოგ ადგილას ეს დრო ძეგლების აღდგენით სამუშაოებს მოხმარდა. კამბოჯაში ტურისტებისგან დაცარიელებულ ანგკორ-ვატის ტაძარს ცოტა ხნის წინ რესტავრაცია ჩაუტარდა.
იუნესკოს მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, კლიმატური ცვლილება ძეგლებს საფრთხეს უქმნის.
„ვფიქრობ, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ბევრ ძეგლზე მოახდინა უარყოფითი გავლენა კლიმატურმა ცვლილებამ. არაერთი კვლევა ჩატარდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქებში. ერთ-ერთი მაგალითია ვენეცია, სადაც ზღვის დონის მომატების გამო შენობები ზიანდება“, – ამბობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორი მეხტილდ რიუსლერი.
მეცნიერების თქმით, კლიმატური ცვლილება უარყოფით გავლენას ასევე ავსტრალიის დიდ ბარიერულ რიფსაც უქმნის.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ძეგლებისთვის ტურისტების ზედმეტად დიდი რაოდენობაა. იუნესკოს კვლევის თანახმად, 2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის 16 ძეგლი კიდევ უფრო დაზიანდა. იუნესკოს წარმომადგენელთა განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის მათ მეტი დაფინანსება სჭირდებათ.
„იუნესკოს სიას ყოველწლიურად ახალი ძეგლები ემატება, თუმცა დაფინანსება არ იზრდება. ეს დიდი გამოწვევაა. 194 ქვეყანა შეთანხმდა იმაზე, რომ დედამიწის საგანძური დაცული უნდა იყოს, რათა მათი ნახვა მომავალმა თაობებმაც შეძლონ“, – ამბობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორი მეხტილდ რიუსლერი.
ამჟამად იუნესკოს სიაში 1121 ძეგლი შედის. თვის ბოლოს ამ სიას, სავარაუდოდ, კულტურული მემკვიდრეობის კიდევ 45 ძეგლი დაემატება.