რუსთაველის გამზირზე გუშინ, 6 ივლისს, განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ფარგლებს მიღმაც გამოეხმაურნენ.
ევროპარლამენტარებმა, მარინა კალიურანდმა, სვენ მიქსერისმა და ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. მათი თქმით, ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიურმა წარმომადგენლებმა ხმამაღლა და მკაფიოდ ვერ ისაუბრეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი სხვა მოქალაქეების მსგავსად ლგბტქ პირებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, როგორიცაა მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობა.
“მკაცრად ვგმობთ თბილისში სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას, რამაც სამწუხაროდ, ლგბტქ “პრაიდის მარშის” გაუქმება გამოიწვია”,- ამბობენ ევროპარლამენტარები.