მთავარი გადაცემები ბიზნესპლანეტა პანდემია და ევროპული მცირე ბიზნესი

პანდემია და ევროპული მცირე ბიზნესი

პანდემიის ეკონომიკური ზარალი ჯერ ისევ რთული დასათვლელია, თუმცა სულ რამდენიმე კომპანია გადარჩა უვნებელი, უმეტესობას რთული არჩევანის გაკეთება მოუწია.

ევროკავშირი ეხმარება კორონავირუსის გამო დაზარალებულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. ამ დახმარებით უკვე ისარგებლა  ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის მახლობლად მებაღეობით დაკავებულმა კომპანიამ  GardenLiving , რომელსაც ახლა საქმე კარგად მისდის. აქ ძირითადად მცენარეებს ზრდიან და მებაღეობასთან დაკავშირებულ მომსახურებას, მათ შორის ლანდშაფტის დიზაინსაც, სთავაზობენ მომხმარებელს.  წელს ბიზნესი ყვავის, მაგრამ 12 თვის წინ, როდესაც პანდემის გამო კარანტინი გამოცხადდა, ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო.

კომპანია GardenLiving-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევა ვუიტე იხსენებს, რომ „ეს ძალიან ცუდი დრო იყო. მარტში ყველა რესტორანმა შეკვეთები გააუქმა და მოულოდნელად მებაღეობის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ყველა გადასახადის ქვითარი ერთად მოვიდა. ყველაფერი მოდიოდა და მე უნდა გადამეხადა.“

როგორც ასობით ათასი მცირე ბიზნესის მფლობელი მთელ ევროპაში, ევაც ლიკვიდურობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.  საბედნიეროდ, მან შეძლო ფეხზე დადგომა და ყველა ვალის გასტუმრება ევროკავშირის გარანტიით გაცემული სესხის წყალობით, რომელიც თავის ბანკში აიღო.

ევა კმაყოფილია სესხის პროცედურებით და პირობებით.

„ძალიან ადვილი იყო. დავრეკე ჩემს ბანკში და ორ დღეში სესხი ავიღეთ. პირობებიც მშვენიერი აქვს,“ – ამბობს იგი.

ევას სესხი ხელმისაწვდომი მას შემდეგ გახდა, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა 8 მილიარდი ევროთი წაახალისა ბანკები. ახლა  ევროკავშირის 750 მილიარდი ევროს მოცულობის ეკონომიკის აღდგენის ფონდი აპირებს, პანდემიით დაზარალებული ევროპის ეკონომიკა ისევ ფეხზე დააყენოს და უფრო გააძლიეროს.

რომ გავიგოთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი და როგორ დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, „ევრონიუსი“  ჰელსინკის რეგიონულ სავაჭრო პალატაში ევროპის საწარმოთა ქსელის მთავარ მრჩეველს იოანა მარინ-ჰიპენენს გაესაუბრა.

იგი ამბობს, რომ “ევროკავშირის ფონდის დახმარებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან ბევრი დახმარების მიღება შეუძლია. მაგალითად,  ევროპის საწარმოთა ქსელი ევროკავშირის ფონდის დაფინანსებაზე კომპანიებს კონსულტაციებს სთავაზობს და ეხმარება, რომ მათ ბიზნესზე მორგებული დაფინანსების ინსტრუმენტები იპოვონ.“

რაც შეეხება კომპანიებისთვის ხელმისაწვდომ დახმარებებს ევროპის საწარმოთა ქსელის მთავარი მრჩევლის მიხედვით, ევროკავშირის ეკონომიკის აღდგენის ფონდი ევროპის მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორს დამატებით  დაფინანსებას სთავაზობს.

„განსაკუთრებით იმ კომპანიებს, რომლებიც  გარდამავალი პერიოდის ორმაგ ფაზაში იმყოფებიან, ვგულისხმობ მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლას. ამ ფონდის სახსრები კომპანიებამდე ნაწილობრივ ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის საშუალებით მივა – ამ პროგრამებს უფრო დიდი ბიუჯეტი ექნებათ და მათი მიზანი მცირე და საშუალო სექტორის განახლებაა,“ – განაცხადა იოანა მარინ-ჰიპენენმა.

კომპანია „გარდენლივინგში“  კი იმედოვნებენ, რომ კაპიტალს მოთხოვნის ზრდის წყალობით მიიღებენ.

ევა ვუიტე, კომპანია GardenLiving-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი:

„პრობლემების მიუხედავად, ჩვენი კომპანია გასულ წელს 12 პროცენტით გაიზარდა. ხალხი ძირითადად სახლში იყო, ამიტომ მათ სახლებისა და ბაღების გალამაზება მოინდომეს. საბედნიეროდ, ჩვენი დაკვირვებით, წელს უკვე კომპანიებმაც დაიწყეს მცენარეებზე ფულის ხარჯვა, შესაბამისად, 20 პროცენტით ვაპირებთ გაზრდას.“

ავტორი: პოლ ჰაკეტი

უახლესი

სხვა ამბები

პანდემიაპანდემია

Send this to a friend