მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიანტონიო გუტიერეში - ყველა დროულად უნდა აიცრას ყველგან

ანტონიო გუტიერეში – ყველა დროულად უნდა აიცრას ყველგან

პანდემია, კლიმატი და მიგრაცია – ეს საკითხები იმ ყველაზე მნიშვნელოვან თემებს შორის იყო,  რომლებიც გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა ევროკავშირის ლიდერებთან ერთად ბრიუსელში, ევროსაბჭოში განიხილა. ევრონიუსი“ მას ამ შეხვედრის შემდეგ გაესაუბრა.

სტეფან გრობი, „ევრონიუსი“: რამდენიმე დღის წინ თქვენ ნიუ-იორკში მეორე ვადით აგირჩიეს, რაც ორ რამეს ნიშნავს. ერთი ის, რომ ხალხს მოსწონს თქვენი მუშაობა და მეორე ის, რომ თქვენ გიყვართ თქვენი საქმე. მითხარით, რაზე გაამახვილებთ ყურადღებას მეორე ვადის დროს?  

ანტონიო გუტიერეში, გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი:

სავარაუდოდ, მთავარი აქცენტი იქნება შემდეგი. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოება და პლანეტა უმწეოა კლიმატისა და კიბერსივრცეში განუკითხაობის, ასევე ბირთვული იარაღის გავრცელების რისკის გამო.  სიმართლე ის არის, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად მეტი საერთაშორისო თანამშრომლობა და მრვალმხრივი მიდგომა გვჭირდება. მაგრამ ამისთვის ჩვენი მრავალმხრივი მართვის  სისტემა უნდა გავაძლიეროთ და უნდა დავრწმუნდეთ, რომ გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში, რისი კარგი მაგალითიც არის კლიმატი, ჯანდაცვა და პანდემიისთვის მზადყოფნა, გვჭირდება მრავალმხრივი მართვის მექანიზმების გაძლიერება.

 „ევრონიუსი“:  დღეს მთელი კაცობრიობის ყველაზე დიდი პრობლემა პანდემიაა. თქვენ ევროპარლამენტს განუცხადეთ, რომ ამ მდგომარეობიდან ორი გამოსავალია: ან დამარცხება ან დიდი გარღვევა. რა იგულისხმეთ?

ანტონიო გუტიერეში: ეს ძალიან მარტივია. თუ ჩვენ დროზე ვერ ავცრით ყველას ყველგან და ვირუსი მუტაციას გააგრძელებს, და ის უკვე განიცდის მუტაციას, ვაქცინა უსარგებლო გახდება. თუ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის ეკონომიკის აღდგენის პროექტებს შორის ისევ დიდი უთანასწორობა იქნება, მაშინ გლობალურ ეკონომიკაში მრავალი კუთხით კრახია მოსალოდნელი. მეორე მხრივ, თუ ყველას აცრით ყველგან და ვირუსს დაამარცხებთ, ამავე დროს შეძლებთ განვითარებადი ქვეყნების ვალის ლიკვიდურობის პრობლემის მოგვარებას და შექმნით გარანტიას, რომ განვითარებადი ქვეყნებიც დააღწევენ თავს პანდემიას, მაშინ შესაძლოა, გვქონდეს დიდი გარღვევა.

 „ევრონიუსი“: დიდი უთანასწორობაა  ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კუთხითაც.  მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა ყველაზე სწრაფად მოსაგვარებელი, როგორც თქვენც აღნიშნეთ, არის უთანასწორობა ვაქცინაციის კუთხით. როგორ შეგვიძლია ამ საკითხის მოგვარება დავაჩქაროთ? თქვენ ამის შესახეებ ისაუბრეთ. თქვენ ბრძანეთ, რომ გლობალური გეგმა გვჭირდება, მაგრამ ეს სასწრაფოა, ეს გადაუდებელია.

ანტონიო გუტიერეში: ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ვაქცინის წარმოება და უზრუნველვყოთ მისი სამართლიანი  განაწილება. სწორედ ამიტომ გამოვედი წინადადებით დიდი ოცეულის დონეზე, სადაც წამყვანი ქვეყნებია გაერთიანებული,  რომ იმ ქვეყნების მთავრობათა სპეციალური სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, რომლებიც ვაქცინებს აწარმოებენ ან შეუძლიათ აწარმოონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იქნება საკმრისი ტექნოლოგიური მხარდაჭერა,  ლიცენზიები ხელმისაწვდომი გახდება და მიწოდების ჯაჭვი მოწესრიგდება საწარმოო პოტენციალის გაორმაგების მიზნით, ასევე თუ ფარმაცევტულ კომპანიებთან  მოგვარდება ურთიერთობა, რომ ეს ყველაფერი რეალობად იქცეს, ამავე დროს „კოვაქსის“ პლატფორმასაც გამოვიყენებთ, რომ ვაქცინები ყველგან თანაბრად განაწილდეს.

 „ევრონიუსი“: მსოფლიოს კიდევ ერთი სუსტი მხარეა კლიმატი.  თქვენ შეაქეთ ევროკავშირი მწვანე შეთანხმების გამო. ახლა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის, თან ძალიან დაგვიანებულია. რას უპასუხებდით?

ანტონიო გუტიერეში: მიზნების თვალსაზრისით, ევროპა სწორ გზაზე დგას. ახლა რა არის საჭირო? აუცილებელია, გვქონდეს როგორც  პოლიტიკა, ისე მექანიზმები, რომ ეს მიზნები რეალობად ვაქციოთ. ეს პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა.   ეკონომიკის აღდგენის პროექტების ფარგლებში, რომლებიც  ევროკავშირში და ზოგადად ყველგან მიმდინარეობს, ჯერ კიდევ დიდი ფული იდება წიაღისეულ საწვავში და საკმარისი არ კეთდება განახლებადი ენერგიისთვის. საგადასახადო სისტემა ჯერ კიდევ არ გადასულა შემოსავლის ნაცვლად ნახშირბადის მიხედვით დაბეგვრაზე.  მართალია, ევროპამ უკვე გააკეთა განაცხადი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ, რომ მსოფლიოში  ახალი ქვანახშირის ელექტროსადგურები აღარ დაფინანსდეს. ჯერ კიდევ შენდება ქვანახშირის ელექტროსადგურები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ამიტომ ვამბობ, რომ მიზნები კარგია, მაგრამ უნდა მოვახერხოთ პოლიტიკის გატარებაც, რაც იმის გარანტია იქნება, რომ ამ მიზნებს მივაღწევთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ მოგვბაძოს.

 „ევრონიუსი“: კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მთელი თქვენი კარიერის განმავლობაში დიდი ენერგია დახარჯეთ, არის ლტოლვილების პრობლემა. პანდემიამ მიგრანტების მდგომარეობა უფრო დაამძიმა. ევროკავშირის ლიდერებთან საუბრის დროს თუ დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ ამ საკითხის მოგვარება ისე მიმდინარეობს,  როგორც საჭიროა?

ანტონიო გუტიერეში: ჩემი აზრით, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. მაგრამ ჩემთვის ერთი რამ ცხადია. როდესაც ევროკავშირში თავისუფალია ვაჭრობა, თავისუფლად შემიძლია წავიდე ბრიუსელიდან კოპენჰაგენში ან ბრიუსელიდან ლისაბონში ისე, რომ პასპორტის წარდგენა არ დამჭირდეს და თან იგივე ვალუტა გამოვიყენო. აშკარაა, რომ შეუძლებელია, სხვაგვარად შეხედო თავშესაფრისა და ქვეყნიდან ქვეყანაში მიგრაციის საკითხსაც.

ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპული მიდგომა თავშესაფრისა და მიგრაციის მიმართ, რადგან თუ ასე არ მოხდა, ქვეყნებს შორის კონკურენციის გამო ამის მართვა შეუძლებელი გახდება. თუ არ იქნება ევროპული მიდგომა მიგრაციისა და თავშესაფრის მიმართ, და თუ არ იქნება მჭიდრო თანამშრომლობა ევროპას, მიგრანტების წარმომშობ ქვეყნებსა და მათთვის საბოლოო დანიშნულების ქვეყნებს შორის, მიგრანტების ნაკადების მართვას კონტრაბანდისტები და  შუამავლები დაიწყებენ.

 „ევრონიუსი“: მინდა იმ პროგრამასაც შევეხოთ, რომელშიც ევროკავშირი გაერთიანებული ერების ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივაა. ეს სულ ახალი პროგრამაა, მოგვიყევით მის შესახებ.

ანტონიო გუტიერეში: პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ყოველ მეოთხე ევროს, რასაც გაერო ხარჯავს, ევროპის გადასახადების გადამხდელები იხდიან და მათ სურთ, რომ ამის გამო მადლიერება გამოვხატო. დღეს ევროპა ყველაზე დიდი გუნდია. ევროპა ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დონორი და ოფიციალური განვითარების ყველაზე დიდი დამხმარეა.

ევროკავშირი ფინანსურად უჭერს მხარს გაეროს ამ ახალ ინიციატივას, რომელიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მიმართულია ქალებსა და გოგონებზე ძალადობის წინააღმდეგ. ეს ყველაზე დიდი პროგრამაა ასეთი მიზნებით, რაც კი აქამდე ყოფილა მსოფლიოში. მაგალითს მოგიყვანთ, ამ პროგრამის ფარგლებში  ძალადობის მსხვერპლ 650 ათას  ქალს აღმოუჩინეს დახმარება მთელ მსოფლიოში. სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს 84 ახალი კანონი, რომლებიც ქალებსა და გოგონებს ძალადობისაგან იცავს. რაც შეეხება მოძალადეების გასამართლებას, ამ საქმეების რიცხვი 22 პროცენტით გაიზარდა. ეს კი ნიშნავს, რომ პროგრამა უზრუნველყოფს ყველაფერს, რომ მსხვერპლს თანადგომა აღმოუჩინოს, იქნება ეს კანონმდებლობის გაფართოება, სასამართლო სისტემით და პოლიციის მეშვეობით მოქმედება თუ მამაკაცებსა და ბიჭებში თანაგრძნობის გამოწვევა, რათა მათ მამაკაცურობის მიმართ სწორი მიდგომა ჩამოუყალიბდეთ. ასე რომ, ეს  ბევრ ინიციატივას მოიცავს, რომლებიც ძალიან ეფექტურია განსაკუთრებით ახლა, როცა, სამწუხაროდ,  ქალებსა და გოგონებზე ძალადობა იზრდება.

 „ევრონიუსი“:  დიდი მადლობა, გაეროს გენერალურო მდივანო, ანტონიო გუტიერეშ, რომ გაგვესაუბრეთ.

ანტონიო გუტიერეში: დიდი მადლობა

ავტორი: სტეფან გრობი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend