ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა მიგრანტებსა და მიგრაციის საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით შეხვედრა მოაწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ შუქდება საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
როგორ შეიძლება მოიძებნოს გზები იმისათვის, რომ მიგრანტების შესახებ სტერეოტიპები არ დამკვიდრდეს? როგორ მოვყვეთ ამბებს მიგრანტების შესახებ? დღეს ამ პრობლემებზე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან ერთად, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მსჯელობდნენ. კონფერენციაზე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია, მედიამ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას მიგრანტების შესახებ, რათა მათთან დაკავშირებით ცრუ წარმოდგენები აღარ არსებობდეს.
“შეხვედრის მიზანია, ვისაუბროთ, თუ როგორ უნდა გააშუქონ ჟურნალისტებმა მიგრაციასა და მიგრანტთან დაკავშირებული საკითხები. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს შემთხვევაში, რადგან ძალადობრივი და ულტრაკონსერვატიული ჯგუფები ყოველთვის მიგრანტების საწინააღმდეგოდ საუბრობენ”,- აცხადებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი ეკა ჭითანავა.
როგორც კონფერენციაზე წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოში მიგრანტები ყველაზე ხშირად საცხოვრებელი ფართის დაქირავებისას აწყდებიან პრობლემებს. კონფერენციაზე ითქვა, რომ სწორედ ასეთი და მრავალი სხვა პრობლემის გამოა აუცილებელი, რომ საზოგადოებამ ხშირად ისაუბროს ამაზე.
დარისპან პრაშერი კონფერენციაზე მიგრანტთა თემს წარმოადგენდა. საქართველოში იგი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია და ინდოელ სტუდენტებს ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში ეხმარება. მან იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც ინდოელი სტუდენტები საქართველოში ხვდებიან.
“რამდენიმე პრობლემაა, რომლებსაც ინდოელები აწყდებიან საქართველოში. ერთი არის ის, რომ ისინი აქ ცხოვრობენ. მათ შეისყიდეს მიწა, თუმცა ვერ მიიღეს ბინადრობის უფლება. მეორე პრობლემა კი არის ის, რომ სტუდენტები ვერ ჩამოდიან საქართველოში იმის გამო, რომ ფრენები არ არის”, – ამბობს დარისპან პრაშერი.
იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოსულ მიგრანტებს ინტეგრაციის პრობლემა არ ჰქონდეთ, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აპირებს, რომ კიდევ უფრო მასშტაბური საინფორმაციო კამპანია წამოიწყოს.
მარიამ ქუხილავა