მთავარისაქართველოკორონავირუსი არსად წასულა

კორონავირუსი არსად წასულა

ამირან გამყრელიძე: "რამდენიმე დღის განმავლობაში მინდა, სიკვდილის არცერთი შემთხვევა არ იყოს, ინფიცირებულთა რაოდენობა კი ჩამოვიდეს ერთნიშნა ან ორნიშნა რიცხვზე"

ინფექციური საავადმყოფოს კოვიდრეანიმაცია სავსეა… ყველა საწოლი დაკავებულია, ყველა აპარატი კი – ჩართული. ზოგიერთ პაციენტს სძინავს, ზოგი კი ცდილობს, ძალები მოიკრიბოს და წამოჯდეს. სუნთქვა ყველა მათგანს უჭირს. ცდილობენ, ერთმანეთი გაამხნევონ, მაგრამ ხანდახან ეს ძალიან რთულია.

გარეთ 30 გრადუსზე მეტია, კოვიდრეანიმაციის ვაქცინირებული მთავარი ექთანი მაია ჭინჭარაული ეკიპირებას ამზადებს, იცვამს… სანამ სრულად შეიმოსება, ატყობინებენ, რომ ისედაც სავსე რეანიმაციაში კიდევ ერთი საწოლი უნდა მოამზადოს. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა დამძიმდა.

„ნოემბერ-ოქტომბერი კატასტროფა იყო, რაღაც საშინელებამ გადაიარა ყველა რეანიმაციის თავს. ახლაც იგივე სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არც ისე დიდი რაოდნეობაა, სიმძიმე პაციენტების საკმაოდ სერიოზულია, უფრო სერიოზული, ვიდრე კორონავირუსის მეორე ტალღის დროს იყო. ნამდვილად არ გვაქვს უკეთესი სიტუაცია, ვიდრე შემოდგომას იყო. გარდაცვლილთა რიცხვმაც საკმაოდ მოიმატა. მეორე ტალღის დროს თითქოს არ იყო ამხელა რაოდენობა, ახლა ნამდვილად უფრო მეტია“, – ამბობს მაია ჭინჭარაული, კოვიდრეანიმაციის მთავარი ექთანი.

კოვიდრეანიმაციიდან თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩამდე სულ რამდენიმე ნაბიჯია, თუმცა ქუჩაში გამვლელ ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, რომ მათგან არც თუ ისე შორს კოვიდინფიცირებული პაციენტები გადარჩენისთვის იბრძვიან. ქუჩაში გამოკითხული ადამიანები ამბობენ:

„აღარ მეშინია უკვე. თავიდან გვეშინოდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ.“

„კორონავირუსს შევეჩვიე ძალაუნებურად, თუმცა მაინც მეშინია და ამიტომ ავიცერი.“

„თავიდან, როცა პანდემია დაიწყო,   უფრო მეტ ადამიანს ეშინოდა, ახლა კი მოეშვა საზოგადოება, რაც ძალიან საშიშია.“

„ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, მეშინია, თუმცა დიდად პანიკაში არ ვარ.“

„უნდა შევეცადოთ, რომ დავიცვათ წესები. ზედმიწევნით არც მე ვიცავ და არც სხვები, თუმცა შეძლებისდაგვარად ვცდილობ.“

„ოღონდ კორონავირუსზე არ მკითხოთ და სხვა რაზეც გინდათ, იმაზე გიპასუხებთ.“

საზოგადოების ნაწილი პანდემიაზე საუბარმა დაღალა. თუმცა პანდემია არ დასრულებულა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში უკვე გამოითქვა კორონავირუსის მეოთხე ტალღის პროგნოზი. მათ უკეთესი სცენარის მოლოდინი აქვთ, თუმცა, როგორც ამბობენ, ყველაზე უარესისთვისაც მზად უნდა იყვნენ.

„ველოდები, რომ როდესაც ავცრით მოსახლეობის დიდ ნაწილს, რამდენიმე დღის განმავლობაში მინდა, სიკვდილის არცერთი შემთხვევა არ იყოს,  ინფიცირებულთა რაოდენობა კი ჩამოვიდეს ერთნიშნა ან ორნიშნა ციფრზე. ეს იქნება ყველაზე უკეთესი. ყველაზე უარესზე არ მინდა ახლა საუბარი“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ყველაზე უარესზე ფიქრი არც კლინიკებში სურთ. იმედი აქვთ, რომ არცერთ პაციენტს აღარ დაკარგავენ. თუმცა რეალობა ხშირ შემთხვევაში სხვანაირია.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend