მთავარი საქართველო კონსტიტუციაში სამი ცვლილება იგეგმება

კონსტიტუციაში სამი ცვლილება იგეგმება

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენელი დეპუტატები ერთმანეთს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე სამსჯელოდ შეხვდნენ.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს შორის კონსენსუსი შედგა. ცვლილებები საარჩევნო ბარიერს, ფრაქციების შექმნისთვის დეპუტატების რაოდენობასა და მთავარი პროკურორის არჩევის წესს ეხება.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილზე შეთანხმებას მიაღწია. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს შორის შეხვედრა დღეს, 28 ივნისს გაიმართა.

„ჩვენ შევთანხმდით და შევაჯერეთ პოზიციები. მხოლოდ ერთი საკითხი იყო, ბარიერთან დაკავშირებული, 1%-იანი უნდა ყოფილიყო, თუ 2%-იანი. არ გაიზიარა ხელისუფლებამ 1%-იანზე ჩვენი არგუმენტაცია. მხოლოდ ეს იყო. მაგრამ ჩემთვის ეს საკითხი პრინციპული ნამდვილად არ არის. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილზე შეთანხმებას მივაღწიეთ“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იმთავითვე, საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით და შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ ცვლილებებთან მიმართებით, ცნობილი იყო. ჩვენთვის ეს საკითხი პრიორიტეტული არ არის. თუმცა, ვინაიდან პატარა პარტიებისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია, ჩვენ, ბუნებრივია, მათ მხარს ვუჭერთ“, – აღნიშნა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან ბეჟაშვილმა.

კონსტიტუციაში სამი ცვლილება იგეგმება. კერძოდ, დაინიცირდება პროექტი 2%-იან ბარიერთან დაკავშირებით და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და დადგენილი იქნება 2%-იანი ბარიერი. ასევე ცვლილება შეეხება ფრაქციების დაკომპლექტების ახალ წესს, ფრაქციას 7-ის ნაცვლად 4 დეპუტატი შექმნის. ხოლო მესამე – გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევაა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შესაბამის პარტიებთან სამივე საკითხთან დაკავშირებით სრული კონსენსუსია.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან გადმოიდგმება იმისკენ, რომ შესრულდეს შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც სხვადასხვა პუნქტისგან შედგება და, მათ შორის, მოუწოდებს მხარეებს, რომ ითანამშრომლონ პარლამენტის ფარგლებში, ბუნებრივია, ეს არის პოზიტიური წინგადადგმული ნაბიჯი“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ.

„შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი სრულდება. მათ შორის, გათვალისწინებულია კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც უკავშირდება 2%-იან საარჩევნო ბარიერს, რომელიც დაკავშირებულია ოთხკაციანი ფრაქციის შესაძლებლობასთან კონსტიტუციით და ასევე უკავშირდება გენერალური პროკურორის არჩევის საკითხს. ეს ცვლილებები ამ კვირაში დაინიცირდება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოახანაშვილმა.

პროექტი პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება.

 

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend