„ჩვენთვის არ არსებობს არჩევანი ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის, ჩვენ მუდამ ვირჩევდით ევროპას“ – ეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას სიტყვებია.
პირველი რესპუბლიკა დაამხეს… დაიწყო საბჭოთა ოკუპაცია – 70 წლიანი საბჭოური და პრორუსული ეპოქა. თუმცა, ამ უმძიმესმა და ხანგრძლივმა პერიოდმა ბოლომდე მაინც ვერ ჩააქრო ქართველი ხალხის პროდასავლური ოცნებები და მისწრაფებები.
ახალი შესაძლებლობები საქართველოს გზაზე ევროპისკენ 20-ე საუკუნის ბოლოდან დაიწყო. ქვეყანა თავისი ახალბედა დიპლომატიური კორპუსით აქტიურად ცდილობდა ხმა მიეწვდინა ევროპისთვის. ევროკავშირმა საქართველოს ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება დაიწყო.
შემდეგ კი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი… იმ მოვლენებმა უფრო ცხადად აჩვენა მთელ მსოფლიოს, თუ რამდენად სჭირდებოდა საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა.
დასავლეთი ამ კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერთო. თბილისში საქართველოს მხარდასაჭერად ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ჩამოვიდნენ და სწორედ მათი უშუალო მონაწილეობით მოეწერა ხელი შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
ასე განთავსდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, 2014 წელს კი ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე შეუძლია წარადგინოს განაცხადი.
2014 წლის 27 ივნისს გაფორმდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. ამ დოკუმენტის მიზანი და ფუნქცია ნათლად მიუთითებს დასავლეთთან ასოცირების პრიორიტეტებზე – რომ საქართველო ევროპული ღირებულებების ქვეყანა უნდა გახდეს. დოკუმენტი მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ნაწილს და სწორედ ამ შეთანხმებით მიეცა საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ევროკავშირთან.
2016 წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მიიღო. მას შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისას უვიზოდ მოგზაურობენ.
ამასობაში კი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ახალი ეტაპი დაიწყო. 2024 წელს ქვეყანა აპირებს ევრობლოკის წევრობაზე გააკეთოს განაცხადი.
ბოლო თვეების განმავლობაში კი საქართველო უპრეცედენტო პროცესების მოწმე გახდა – ევროკავშირი, როგორც მედიატორი, აქტიურად ჩაერთო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.
სოფო მაქაცარია