მთავარისაქართველოჯარიმების ამნისტია

ჯარიმების ამნისტია

ყველა ის ადამიანი, ვინც იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესები დაარღვია და ჯარიმა არ გადაუხდია, მისი გადახდა აღარც მოუწევს. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა. თეა ცუცქირიძე რამდენიმე კვირის წინ  პატრულმა გააჩერა და უთხრა, რომ პირბადის არქონის გამო 20 ლარით დაჯარიმდებოდა.

„სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვედი. ძალიან მცხელოდა, ვინიავებდი, ასე ვთქვათ, ხელში მეჭირა ნიღაბი. ამ პერიოდში გზაზე გადმოვდიოდი და ზუსტად გზის კუთხეში დამხვდა პატრული. დამიძახა და მითხრა, რომ არასწორად ვიქცეოდი. კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და ჩავთვალე საჭიროდ, რომ გადამეხადა“, – თქვა თეა ცუცქირიძემ.

არიან ისეთებიც, რომლებსაც ჯარიმა სხვადასხვა მიზეზის გამო ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ.


„როდესაც სრულიად საზოგადოება შეთანხმდა, რომ ეს იყო პოლიტიკური კომენდანტის საათი, დავიწყე დემონსტრაციულად მისი დარღვევა, ვინაიდან ზღუდავდა ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას. მე არ გამისაჩივრებია, რამდენიმე ადამიანმა გაასაჩივრა და ზოგს არ დაუკმაყოფილეს, ზოგი დღემდე სტადიაში დევს“, – აღნიშნა ნიკა ფარულავამ.

[br]პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ პირთა ნაწილმა ჯარიმა გააპროტესტა კიდეც. რიგი საქმეები სასამართლოში უკვე მიმდინარეობს.

„მომართვიანობა ძალიან დიდი იყო. თუმცა, ორგანიზაცია მხოლოდ იმ ქეისებში ერთვებოდა, სადაც ცალსახად იკვეთებოდა, რომ კანონი იყო დარღვეული და არასწორად იყვნენ დაჯარიმებულები. ეს იყო ასობით ადამიანი, რომლებმაც ორგანიზაციისგან დახმარება მიიღეს. რიგი საქმეები სასამართლოში უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტის ხელმძღვანელმა, იურისტმა, გიორგი კაკუბავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის ფარგლებში ამნისტია შეეხება 245 ათასამდე მოქალაქესა და 344 იურიდიულ პირს. ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ (IDFI) ფიქრობენ, რომ ამნისტიის გამოცხადებით, სახელმწიფო თავადვე აკნინებს მის მიერ გამოყენებული ან/და მომავალში გამოყენებადი შეზღუდვების ლეგიტიმურობას. „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ კი მიაჩნიათ, რომ საზოგადოების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ორად გაიყო – ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ დაუსჯელები დარჩებიან ის ადამიანები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს.

„შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის თავის დროზე ნათლად და ობიექტურად შეფასება. როდესაც დადგა დღის წესრიგში იმ სანქციების განსაზღვრის საკითხი, რომელიც უნდა დაწესებულიყო კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო. ბუნებრივია, სოციალური ფონისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს თანხები უნდა ყოფილიყო გაცილებით დაბალი და ასე ვთქვათ, ოქროს შუალედი უნდა ყოფილიყო მოძებნილი. მეოთხე ტალღას ვარაუდობენ, შეიძლება, კიდევ გახდეს რეგულაციების შემოღება საჭირო, ამ შემთხვევაში საზოგადოებას იმის განცდა დარჩება, რომ თუ დაარღვევს კონკრეტულ რეგულაციას, მაინც გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და ეს ფაქტობრივად კანონის აღსრულებას შეუშლის ხელს“, – თქვა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტის ხელმძღვანელმა, იურისტმა, გიორგი კაკუბავამ.

საქართველოში შეზღუდვების ნაწილი ჯერ კიდევ მოქმედებს. ე.წ. „კომენდანტის საათის“ გაუქმებამდე რამდენიმე დღეს რჩება. მოქალაქეთა ნაწილს კი აწუხებს კითხვა – კარგავს თუ არა აზრს კანონმორჩილება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend