მთავარისაქართველოსტუმრების დაბრუნება

სტუმრების დაბრუნება

საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

ტურისტების რაოდენობამ იმატა.

მაისში საქართველოში სამოგზაუროდ, დაახლოებით 104 ათასი უცხოელი შემოვიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 180%-ით მეტია.

ტურისტების ეს რაოდენობა პანდემიის პერიოდში უპრეცედენტოდ მაღალია. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში კი იმედოვნებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მომდევნო თვეებში ქვეყანა კიდევ უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლებს.

ცარიელი აეროპორტები ახლა უკვე განვლილი თვეების უსიამოვნო მოგონებაა. მოსაცდელ დერეფნებში და საპასპორტო კონტროლთან უცხოელი ტურისტები კვლავ გამოჩნდნენ.

წელიწადნახევრიანი კრიზისის შემდეგ, საქართველო მზადაა უცხოელ ვიზიტორებს უმასპინძლოს.

საქართველოში შემოსასვლელად ტურისტებმა პსრ ტესტის უარყოფითი პასუხი ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ.  მაისში გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთა მოქალაქეებს ან რეზიდენტებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ.


„საქართველოში გუშინ შუადღისას ჩამოვედით, ეს ჩვენი პირველი ვიზიტია საქართველოში. აქ ჩამოსვლა ჩვენმა უამრავმა მეგობარმა გვირჩია. ძალიან მოგვწონს აქაურობა“, – ამბობს ტურისტი სუან გო.

[br]„მალაიზიიდან ვართ, თუმცა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ მოვახერხეთ საქართველოში ჩამოსვლა“, – გვითხრა კორინ სინმა.

თბილისის ძველ უბნებში სეირნობისას უკვე შეხვდებით ტურისტების ჯგუფებს, რომლებიც ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ და ქვეყნის ისტორიას ეცნობიან.

„მე სირიიდან ჩამოვედი, საქართველოში 15 დღით გავჩერდები. ყველაფერი ძალიან მომწონს. ულამაზესი ქალაქი გაქვთ. ხალხიც სტუმართმოყვარეა“, –  ამბობს ჰასან აუანი.

საქმეს დაუბრუნდნენ ისინიც, ვისი შემოსავალიც ტურისტებზე იყო დამოკიდებული.

„წლევანდელი მაისი შარშანდელისგან ნამდვილად განსხვავებულია. გამოცოცხლდა ტურიზმის სექტორი. ეს მხოლოდ კაფეებსა და ბარებს არ შეეტყო. – გაიზარდა ტურების რაოდენობა. შარშან უცხოელი ტურისტები საერთოდ არ გვყავდა, კანტიკუნტად ქართველები თუ წამოვიდოდნენ შიდა ტურებზე. ახლა უკვე ასე აღარ არის“, – გვიამბობს გიდი ზურაბ ბალანჩივაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, თამარ ყორიაული ამბობს, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი დარგია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ სფეროშია დასაქმებული, შესაბამისად, საქართველოსთვის აუცილებელია ტურიზმის დროული აღდგენა.

„ეტაპობრივად გაიხსნა საჰაერო და სახმელეთო საზღვარი. დაემატა ავიაკომპანიები და სიხშირეები რეისების. რაც გვიჩენს იმის მოლოდინს, რომ წინა თვის სტატისტიკის მსგავასად, ზაფხულის თვეშიც უამრავი ტურისტი შემოვა ჩვენს ქვეყანაში. ეს კი ხელს შეუწყობს ინდუსტრიის განვითარებას და და პანდემიის უარყოფით გავლენას შეამცირებს“, -განაცხადა თამარ ყორიაულმა.

ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს იმედი აქვთ, რომ მალე კიდევ უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლებენ და ძველი თბილისის უბნები კვლავ გაივსება ფოტოკამერებით შეიარაღებული უცხოელი ვიზიტორებით.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend