მთავარი საქართველო პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეს მოუსმინეს

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეს მოუსმინეს

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას აგრძელებს

31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მივიდა და საგამოძიებო პროცესში მონაწილე დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ არჩევნები სერიოზული ხარვეზებით ჩატარდა, თუმცა ამის მიზეზად საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიცია და კოვიდპანდემია დაასახელა. მისი თქმით, გამოვლენილ ხარვეზებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია და გაყალბების არანაირი ფაქტი არ არსებობს.

„დარღვევები ძირითადად იყო: „გამომრჩა ხელმოწერა“, „ზედმეტი ბიულეტენი გადამყვა“, ანუ უყურადღებობით (გამოწვეული) და ასეთი ტიპის დარღვევები, მაგალითად, „გამომრჩა მარკირება“ , „ოქმის რეკვიზიტი გამომრჩა შევსებისას“ და ა.შ. მაგალითად, თავმჯდომარეს აქვს დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა, გურჯაანის მე-3 საარჩევნო უბანში, რომელიც გადათვალეთ თქვენ, მეტობა რომ ფიქსრიდებოდა და რეალურად ნაკლებობა დაფიქსირდა. პირადად ვნახე ეს ოქმი ნომერ მეშვიდე სუბიექტს უნდა ეწეროს ნოლი და უწერია სუბიექტის ნომერი -7, ეს მექანიკურ შეცდომა იყო. საერთოდ საარჩევნო სფეროში არსებობს სამი ტიპის მიმართულება: მიზანმიმართული ქმედება, რომელიც ჩნდება გაყალბებაში, სისტემური ქმედება, რომელიც შეიძლება იყოს საარჩევნო კანონმდებლობიდან გამოწვეული და მესამე – გადაცდომის პროფილი, რომელიც მოიაზრებს რომ უყურადღებობით, უგულებელყოფით, ადამიანური შეცდომებით შეიძლება შეცდომა დაუშვას, ასეთ გადაცდომებზე იყო დისციპლინური სახდელები დაკისრებული“, – განაცხადა ჟვანიამ.

 
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ასევე თქვა, რომ ის ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება და შესაძლოა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მისი თავმჯდომარეობით ჩატარდეს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემდეგ მიიღებს.


“მე ვარ აქ. მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება. შევხედოთ ამ ცვლილებებს. არსად წავსულვარ და არ ვაპირებ წასვლას. კანონმდებლობის მიხედვით იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება”,- განაცხადა ჟვანიამ.

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი უნდობლობას უცხადებს არჩევნების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მცდელობას რაიმე გამოიძოს, რადგან ამ კომისიას სათავაში თავად მმართველი პარტია უდგას.

„თამარ ჟვანია და ცესკო არის „ქართული ოცნების“ დანამატი. შესაბამისად ჩვენი ფრაქცია რ იღებს მონაწილეობას ამ კომისიის მუშაობაში. საკმარისი მტკიცებულებები წარვადგინეთ, მათ შორის სასამართლოში. არც ერთი მათგანი არ განიხილეს, ამიტომ ამ კომისიის მუშაობას აზრი არ აქვს და არც ვერთვებით“, – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ.

„ქართული ოცნება“ არჩევნების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მუშაობას, თამარ ჟვანიას მოსმენას და ჩატარებულ ღონისძიებებს, ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმიდან გამომდინარე საკმარისად აფასებს.

“დროებით საგამოძიებო კომისიას არ დაუტოვებია არცერთი კითხვა, რაზეც 7 თვის განმავლობაში ოპონენტები სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ ვითომდა ეს არჩვენები გაყალბდა და შედეგები რეალობას არ ასახავდა. სამსაათნახევრის განმავლობაში უწყვეტად გვქონდა საუბარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი და კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ მისგან. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამ არჩევნების ხელმძღვანელობით მაქსიმალური გაკეთდა იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში და სწორედ ასეთი შეფასებები მივიღეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ”,- განაცხადა მიქანაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებსაც მოუსმინეს. პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ თქვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე გამამტყუვნებული განაჩენი დადგა. ნაწილზე კი გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

“ჩვენ წარვუდგინეთ ოთხი სისხლის სამართლის საქმე, რომლებზეც გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. ერთი საქმე უკავშირდებოდა ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონო ჩარევას, რაზეც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მეორე საქმე ეხებოდა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, აქაც მოწინააღმდეგე მხარის მიმართ დაიწყო დევნა და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. მესამე საქმე ეხებოდა გაერთიანებული ოპოზიციის ბანერის დაზიანებას, რომელ საქმეზეც პირი პასუხისგებაში იქნა მიცემული. მეოთხე საქმე უკავშირდებოდა “ქართული ოცნების” კოორდინატორის მიმართ ძალადობას, რაზეც ასევე გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. აჭარის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სულ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ დაახლოებით 15 საქმეზე იქნა გამოძიება დაწყებული – დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ, რიგი საქმეები შეწყდა. საგამოძიებო კომისიას ძირითადად აინტერესებდა, რამდენად ეფექტიანად და სწრაფად ხორციელდებოდა მსგავს საქმეებზე გამოძიების ჩატარება, რამდენად ეფექტურად მიდის საგამოძიებო მოქმედებები, დევნა ხომ არ ჭიანურდება. ჩვენ ამომწურავად ვუპასუხეთ“, – თქვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

სხდომა შემაჯამებელი განცხადების გარეშე დასრულდა, რადგან შესაძლოა ამ დროებითმა კომისიამ მუშაობა კიდევ ერთი თვით გააგრძელოს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

ცესკოცესკო
Send this to a friend