,,დიდი შვიდეულის” წევრი სახელმწიფოების ლიდერების განცხადებას კოვაქს პლატფორმისთვის ვაქცინის 870 მილიონი დოზის გადაცემის შესახებ, ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს გებრეიესუსი გამოეხმაურა.
გებრეიესუსი მიესალმება ,,დიდი შვიდეულის” ლიდერების გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ საჭიროა ვაქცინის რაც შეიძლება მეტი დოზის სწრაფად მობილიზება.
,,მივესალმები ,,დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ პლატფორმა „კოვაქსის“ საშუალებით 870 მილიონ დოზა ვაქცინას გვაჩუქებენ. ეს დიდი დახმარებაა, თუმცა ჩვენ უფრო მეტი დოზა გვჭირდება, თან რაც შეიძლება სწრაფად. ყოველდღიურად კორონავირუსით 10 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება. მათ ახლა სჭირდებათ დახმარება და არა ერთი წლის შემდეგ“, – აცხადებს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი.
დიდ ბრიტანეტში, სადაც ვაქცინაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს, ჯერ კიდევ საჭიროა ტემპის გაძლიერება, რადგან ინდური შტამი ,,დელტა“ სწრაფად ვრცელდება. ინგლისის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იძულებული გახდა, შეზღუდვების შემსუბუქება კიდევ 4 კვირით გადაედო.
,,ჩვენ შეგვიძლია, 21 ივნისიდან დავიწყოთ ახალი გადაწყვეტილებების მიღება. არსებობს საფრთხე, რომ ვირუსი სწრაფად გავრცელდეს და ათასობით ადამიანი დაიღუპოს, ამიტომ ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას“, – აცხადებს ინგლისის პრემიერ-მინისტრი.
ინდური შტამი ,,დელტა“, რომელიც პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს, უკვე 74 ქვეყანაშია დადასტურებული. მეცნიერები შიშობენ, რომ ,,დელტა“ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული შტამი იქნება.
ამასობაში ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა 282 მილიონიდან 62 მილიონამდე შემცირდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია.
ექსპერტების თქმით, 1.3 მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ 3,4 % -ია აცრილი.
ეს კი არ არის საკმარისი კორონავირუსის დასამარცხებლად.