მთავარიCOVID-19ერთი ექიმის ამბავი

ერთი ექიმის ამბავი

"ყველას ეშინოდა კოვიდკლინიკის თანამშრომლების მანქანაში ჩასმა"

46 წლის ექიმი და თბილისის ბავშვთა ერთ-ერთი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი უნდა გაგაცნოთ. საავადმყოფო, რომელშიც ის მუშაობს, პანდემიის მეორე ტალღამდე მრავალპროფილიანი იყო, თუმცა ოქტომბრის ბოლოს კოვიდკლინიკად გადაკეთდა. დავით რეხვიაშვილის თქმით, მას, როგორც კლინიკის დირექტორს, შეეძლო, დისტანციურად ემუშავა, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი საავადმყოფოში ყოფნა თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი იყო. მათ უნდა დაენახათ, რომ დირექტორი პაციენტების პალატაში შესვლას არ ერიდებოდა. როდესაც საქართველოში ვაქცინის პირველი ნაკადი შემოვიდა, დავით რეხვიაშვილი მაშინვე დარეგისტრირდა აცრაზე  და ვაქცინაცია პირველივე დღეს ჩაიტარა.

“კლინიკის გამართულ მუშაობას, დაწყებული დაცვის თანამშრომლიდან დამთავრებული ტექნიკურ პერსონალამდე, ყველა კომპონენტი სჭირდება. ერთიც რომ ამოვარდეს, გავჩერდებით. როდესაც ჩვენი დაწესებულება  კოვიდკლინიკად გადაკეთდა, არცერთ მათგანს უარი არ უთქვამს. ისინი ბოლომდე ჩვენ გვერდით იყვნენ და უდიდესი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ კლინიკას შეუფერხებლად ემუშავა.

 
ხშირად არის კამათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა პანდემიის დროს სამედიცინო პერსონალის მუშაობა გმირობის ტოლფასი. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ნამდვილად გმირობაა. აქ არ იყო საუბარი მხოლოდ ექიმებისა და ექთნების ან კლინიკის სხვა თანამშრომლების ჯანმრთელობაზე, ამ ადამიანებმა თავიანთი ოჯახებიც კი დააყენეს საფრთხის ქვეშ იმისათვის, რომ პაციენტებისთვის ემკურნალათ და სხვებს დახმარებოდნენ. ვერცერთი ხელფასი ვერ გადაწონის იმ რისკს, რომლის წინაშეც მათი ოჯახის წევრები აღმოჩნდნენ.

[br]საყვედურად არ ვამბობ, მაგრამ ხშირად სამარშრუტო ტაქსისაც ვერ ვშოულობდით თანამშრომლების კლინიკაში მოსაყვანად და წასაყვანად. ყველას ეშინოდა კოვიდკლინიკის თანამშრომლების მანქანაში ჩასმა. ისე გვიყურებდნენ, თითქოს საფრთხეს ვუქმნიდით, ამიტომ მაქსიმალურად გვერიდებოდნენ.  მათიც მესმის, რისკი  მაღალი იყო. იცოდნენ, რომ კოვიდკლინიკაში ვმუშაობდით და ჩვენი მანქანაში ჩასმა და აქეთ-იქით წაყვანა არ სურდათ. ბევრი სხვა შეფერხებაც გვქონდა. მაგალითად, კლინიკაში რაღაც დაზიანდა და დაგვჭირდა სანტექნიკოსი. ფიზიკურად ვერ ვიპოვეთ ისეთი ადამიანი, რომელიც, საფრთხის მიუხედავად, მოვიდოდა და კოვიდკლინიკაში იმუშავებდა.

პანდემიის შემდგომი ტალღები უნდა ავირიდოთ. ყოველ ჯერზე ძალიან ღირსეული და კარგი ადამიანები იღუპებიან  კოვიდით. ვირუსი არ ასხვავებს არავის და არაფერს, მათ შორის არც ასაკს. სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა შეეწირა კოვიდინფექციას.

კარგი გამოთქმაა: „შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება.“ ვაქცინაციაზე უარის თქმის დროს შენს თავისუფლებას უკვე შენი არჩევანი სცდება, რადგან უქმნი საფრთხეს სხვა ადამიანებს. ამიტომ აქ უნდა დამთავრდეს შენი თავისუფლება და რადგან ვაქცინაციისკენ მოგიწოდებენ,  უნდა აიცრა“, – ამბობს დავით რეხვიაშვილი, თბილისის ბავშვთა ერთ-ერთი კლინიკის დირექტორი.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend