მთავარისაქართველო“მომავალი ინკლუზიურია”

“მომავალი ინკლუზიურია”

ამბროლაურში სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაიხსნა

ამბროლაურში გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ თანამშრომლობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაიხსნა.

ამ ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეძლებენ პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებასა და რეაბილიტაციის პროგრამების გავლას.

ინკლუზიის ცენტრი თანამედროვე მოწყობილობებით საქართველოში ბულგარეთისა და პოლონეთის საელჩოების მხარდაჭერით აღიჭურვა.

ცნობილი მხატვრის მუსია ქებურიას მოხატულმა კედლებმა კი სოციალური ინკლუზიის ცენტრი ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად აქცია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში მდებარე ძველ შენობას ახალი სიცოცხლე აჩუქეს. ის იმ სივრცედ გარდაიქმნა, სადაც ერთი სული აქვთ როდის მივლენ და რომელმაც 50-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცხოვრება გააფერადა.

„ყველა სახლში ვიყავით  ჩაკეტილი. აქ კი ყველანაირად ხელს გვიწყობენ. ვიცი, რომ 12 საათზე მანქანა მოვა, ამიტომ გამზადებული ველოდები. მისაღებ ოთახში ვარ ხოლმე. ერთი სული მაქვს, სახლიდან გამომიყვანონ, რომ აქ მოვიდე. დიდი სიხარულით მოვდივარ ხოლმე. დღეს ერთი 20-ჯერ მაინც დავხედე საათს, სანამ პირველი საათი გახდებოდა“,  – ამბობს ნონა გუდულიძე, ინკლუზიის ცენტრის თანამშრომელი და ბენეფიციარი.

 
სოციალური ინკლუზიის ცენტრი, რომელშიც სპეციალიზებული სპორტული დარბაზი, ფიზიოთერაპიის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, პროფესიული გადამზადების კლასი და სტამბაა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ერთადერთია. ის თანამშრომლობისა და პარტნიორობის სივრცეს შექმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ხანდაზმულთათვის.

[br]„პარალელურად ჩვენ გვაქვს მოლაპრაკებები ადგილობრივ კოლეჯთან. ჩვენ გვინდა, რომ განვითარებას   აკადემიურ დონეზე შევუწყოთ ხელი, ჩვენთან გაიარონ პრაქტიკა, რათა მათთვისაც გაიხსნას გზა და თავისუფლად შეძლონ თავის წარმოჩენა“, – განაცხადა ნანა ლომაძემ, არასამთავრობო ორგანიზაციიის „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ხელმძღვანელმა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ცენტრების არსებობა, სადაც მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა თუ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის შეიქმნება ადგილი, ეს, ცხადია, ხელს შეუწყობს ამ რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას“, – განაცხადა ეკატერინე სხილაძემ, სახალხო დამცველის მოადგილემ.

ცენტრში სამომავლოდ უფრო დიდი გეგმები აქვთ. ისინი ტერიტორიაზე სათბურის გახსნასაც აპირებენ, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ცენტრის პერსონალს დასაქმებისა და შემოსავლის მიღების დამატებით შესაძლებლობას მისცემს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირი იმსახურებს, რომ მათ მშვიდად იცხოვრონ. მათ სჭირდებათ ადგილი, სადაც მიიღებენ განათლებას,  ივარჯიშებენ  და, შესაბამისად,  იქნებიან ჯანმრთელი. შშმ პირებმაც უნდა გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა, რომლებსაც ცხოვრება გვთავაზობს. იმედი გვაქვს, ეს შესანიშნავი ცენტრი, რომელიც ძალიან ლამაზად არის გაფორმებული, ამ რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 50  პირს სრულყოფილი ცხოვრებისთვის ყველა პირობას შეუქმნის“, – ამბობს ანა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში.

„ეს შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ შშმ პირებს, ასევე ჩვენი რეგიონის მასშტაბით ყველა იმ პირს, რომელთაც სჭირდებათ გვერდით დგომა და დახმარება“, – განაცხადა ზვიად (დავით) მხეიძემ, ამბროლაურის მერმა.

„აქ ყველა პირობა არის იმისათვის, რომ ამ ცენტრის მომსახურების მიმღებმა ბენეფიციარებმა თავი მყუდრო გარემოში იგრძნონ. ცენტრი უზრუნველყოფს მათ რეაბილიტაციას, განვითარებასა და, ამავდროულად, დასაქმებას“, – ამბობს პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული.

ცენტრის ეზოში საზეიმო გახსნას ამბროლაურისა და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებნი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფერადი და ხალისიანი ღონისძიება მხარდაჭერის სიმბოლური ხელმოწერებით დასრულდა.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend