მთავარიგადაცემებიCULT„ჯეიარის ქრონიკები“ - გამოფენა ლონდონის საათჩის გალერეაში

„ჯეიარის ქრონიკები“ – გამოფენა ლონდონის საათჩის გალერეაში

ემიგრაციითა და იარაღის კონტროლით დაწყებული ისრაელ-პალესტინის კონფლიქტით დამთავრებული – ასეთი ფართოა იმ მსოფლიო მნიშვნელობის სოციალური და პოლიტიკური საკითხების  სია, რომლებსაც შეუპოვარი ფრანგი ხელოვანი ჯეიარი  თავის შემოქმედებაში ასახავს. მისი ნამუშევრები ახლა ლონდონის საათჩის გალერეაშია გამოფენილი.

ჯეიარი,  ფრანგი ხელოვანი:

„მე სხვადასხვა საზოგადოების გაცნობა მიზიდავს. ჩემი საქმიანობა იმიტომ დავიწყე, რომ მაინტერესებდა, ვნახავდი თუ არა სადმე მსოფლიოში ისეთ ხალხს, რომელიც მეტყოდა – „ბოდიში, მაგრამ აქ ხელოვნების ადგილი არ არის.“  ასეთი ვერსად ვნახე. შეიძლება,  ჩრდილოეთი კორეაა ასეთი, იქ ვიყავი და მაინცდამაინც არ დაინტერესდნენ ჩემი საქმიანობით.“

ჯეიარის შემოქმედებითი გზა მაშინ დაიწყო, როდესაც შემთხვევით პარიზის მეტროში ამ ფოტოაპარატს წააწყდა. იმ დროს ჯეიარი გრაფიტის მხატვარი იყო, მაგრამ მოულოდნელად ფოტოების გადაღება და მათი ქუჩაში გაკვრა დაიწყო. ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების დროს პლაკატებს პარიზის გარეუბნელ ახალგაზრდებთან ერთად  მთელ პარიზში აკრავდა, რითაც მედიის გამოწვევა სურდა.

 
ჯეიარი თავის მეგობრებს კარიკატურულ ფოტოებს უღებდა, ზედ სახელს, ასაკსა და სახლის ნომერს აწერდა და მთელ პარიზში აკრავდა. თვლის, რომ ამ კარიკატურებმა, ძალიან გაამართლა. „ეს საშუალებას გაძლევს,  რომ მედიის წარმომადგენლის ნაცვლად, რომელსაც სახეზეც კი ვერ ცნობ, რაც გარკვეულ შიშს აჩენს, ისეთი ადამიანი ნახო, რომელსაც სახლის კარზეც დაუკაკუნებ,“- ამბობს ჯეიარი.

[br]ჯეიარი ახლო აღმოსავლეთშიც იყო, სადაც  ერთი და იგივე პროფესიის მქონე რამდენიმე ისრაელელისა და პალესტინელის პორტრეტი გააკრა გამყოფ კედელზე.

ჯეიარი, ფრანგი ხელოვანი:

„როგორც წესი, ხალხი მეუბნება: „აქ შენ თავისუფალი ხარ, შეგიძლია, ჩვენი მტრის სურათიც კი გააკრა კედელზე, ჩვენ არ ჩამოვხევთ. მაგრამ იქითა მხარეს ვძულვართ და ამის ნებას არასოდეს მოგცემენ.“ თუმცა როცა მეორე მხარეს გადავდივარ და პლაკატების გაკვრას ვიწყებ, ისინიც იმავეს მეუბნებიან…შენ აცნობიერებ, რომ ორივე მხარე ერთმანეთს მედიის საშუალებით, მისი კონტექსტით აღიქვამს, მხოლოდ ერთმანეთის ცუდს ხედავს  და ავიწყდება, რომ იქითაც ცხოვრობს ტაქსის მძღოლი.“

ლაურა უჩელო, საათჩის გალერეის პარტნიორობის დირექტორი:

„საათჩის გალერეისთვის დიდი პატივია, რომ ისევ დაუთმოს დარბაზები ამ ნამუშევრებს, რომლებიც ადამიანების ხელოვნების გზით დაახლოებას ცდილობენ.“

გამოფენა ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოეწყო, შემდეგ –  ლონდონში. თუმცა აქ რამდენიმე ბოლო ნამუშევარიც დაემატა. ჯეიარი იმედოვნებს, რომ მისი შემოქმედება მნახველზე პოზიტიურად იმოქმედებს.

ჯეიარი, ფრანგი ხელოვანი:

“თუ ადამიანისა და ხალხის შესახებ ჩამოყალიბებულ შეხედულებას შეიცვლი, ეს მსოფლიოს შეცვლის. ჩემი აზრით, ჩვენ, ხელოვანი ხალხი ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, რადგან მსოფლიოში პესიმისტი ისედაც ბევრია.“

გამოფენა „ჯეიარის ქრონიკები“ ლონდონის საათჩის გალერეაში ოქტომბრის პირველი რიცხვების ჩათვლით იქნება.

ავტორი: დეიმონ ემბლინგი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend