მთავარი აზია ისრაელი ისრაელის პარლამენტმა ახალი კოალიციური მთავრობა აირჩია

ისრაელის პარლამენტმა ახალი კოალიციური მთავრობა აირჩია

ბენიამინ ნეთანიაჰუს 12 - წლიანი მმართველობა დასრულდა

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს – ბენიამინ ნეთანიაჰუს 12 – წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნის პრემიერი ნაფტალი ბენეტი გახდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მიმართა კოალიციურ მთავრობას და პირობა დადო, რომ გაყოფილ ქვეყნას გააერთიანებს.

ნაფტალი ბენეტი უხელმძღვანელებს რვა პარტიისგან შემდგარ კოალიციას, რომლის წევრებსაც განსხვავებული იდეოლოგიები აქვთ.

,,ახლა ისრაელელები გვიყურებენ და დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, მთავარია პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა, რომ აღარ იყოს განხეთქილება“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მემარჯვენე ნაციონალისტი ნაფტალი ბენეტი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას  2023 წლის სექტემბრამდე დაიკავებს, შემდეგ კი ის ძალაუფლებას  გადასცემს კოალიციურ პარტნიორს, ცენტრისტული პარტიის წევრს იაირ ლაპიდს, რომელიც ახლა ისრაელის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრია.


”მეგობრობა და ნდობა განაპირობებს ახალი მთავრობის შენარჩუნების მთავარ პრინციპს, თუ ჩვენ ვიცით, როგორ ვენდოთ  და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, შევძლებთ ერთად მუშაობას”,  – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა.

ადამიანი, რომელიც კოალიციურმა მთავრობამ ძალაუფლების გარეშე დატოვა, არის ბენიამინ ნეთანიაჰუ. ის წლების განმავლობაში იყო ისრაელის პოლიტიკაში და ბოლო 12 წელი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

თუმცა ის არსად წასვლას არ აპირებს და  ოპოზიციას უხელმძღვანელებს, როგორც მემარჯვენე პარტიის ,,ლიკუდის“ მეთაური.

”თუ ჩვენი ბედია ოპოზიციაში ყოფნა, ჩვენ ვიქნებით ოპოზიციაში, იქამდე, ვიდრე ისრაელს არ ჩამოვაშორებთ ამ საშიშ მთავრობას და გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

კრიტიკოსების აზრით, ისრაელის ახალი კოალიციური მთავრობა იდეოლოგიურად დაპირისპირებული პოლიტიკოსების ერთიანობაა და ის, რაც ახლა ხდება, გაუგებარია.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend