მთავარისაქართველოსაქართველოში პანდემიის დროს ალკოჰოლის მოხმარება შემცირდა

საქართველოში პანდემიის დროს ალკოჰოლის მოხმარება შემცირდა

მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, თეო და მისი მეგობრები ხშირად ვეღარ ახერხებდნენ შეკრებას. ჯერ კაფე-ბარები დაიხურა, შემდეგ კომენდანტის საათი დაწესდა.

„გამოსავალი იმაში ვნახეთ, რომ მეგობრები სახლში ვიკრიბებით, ჩვენი გართობა კი ალკოჰოლს უკავშირდება“,  – ამბობს თეო.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ადამიანთა ნაწილი პანდემიისგან გამოწვეულ სტრესს ალკოჰოლით უმკლავდება.

„იმ მომენტში, როცა შფოთავთ, ან მაშინ, როდესაც დეპრესიული უგუნებობა გაქვთ, ის მყისიერად გეხმარებათ, მაგრამ სამომავლოდ, იგი ნეგატიური გამკლავების სტრატეგიად იქცევა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა შეგვექმნას“, – განმარტავს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.

ამ მიზეზით, 2020 წელს ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობაში ალკოჰოლის მოხმარებამ იმატა.

გარემოს შესწავლისა  და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო ჟურნალის კვლევის თანახმად, აშშ-ში გამოკითხული მოსახლეობის 60% ამბობს, რომ პანდემიის დროს ისინი ალკოჰოლს უფრო დიდი რაოდენობით მოიხმარენ. ამის მიზეზად კი სტრესს, მოწყენილობასა და ალკოჰოლის ხელმისაწვდომობას ასახელებენ.

აშშ-ის მსგავსად, პანდემიის პირველ თვეებში ალკოჰოლის მოხმარებამ მოიმატა დიდ ბრიტანეთში (12%); ირლანდიაში (12%); საფრანგეთში (10%); გერმანიასა (8%) და იტალიაში (7%).

საქართველოში კი კვლევამ სხვა შედეგი აჩვენა.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით 37% ამბობს, რომ პანდემიის დროს მათ ალკოჰოლის მოხმარება შეამცირეს.

„ჩვენი ინტერპრეტაცია ამ ვითარებისა არის ის, რომ საქართველოში ალკოჰოლი ძირითადად სოციალურ სიტუაციებში მოიხმარება. იშვიათია, რომ ადამიანი მარტო დაჯდეს და იქეიფოს. ჩვენთან სიტყვა „ქეიფი“ ალკოჰოლის მოხმარების მნიშვნელოვანი ფორმატია. რამდენადაც ქეიფის შესაძლებლობები შემცირდა, შესაბამისად, მოსახლეობაში ალკოჰოლის მოხმარებამ იკლო…კულტურა ამ თვალსაზრისით დიდ გავლენას ახდენს. იმ ქვეყნებში, სადაც კულტურულად მისაღებია მარტო სმა, ალკოჰოლის მოხმარება გაზრდილია…ალკოჰოლის მოხმარებაზე საუბრისას კულტურული თავისებურებები და კვლევის შედეგები უნდა მივიღოთ მხედველობაში“, – გვიამბობს ჯანა ჯავახიშვილი.

სოციოლოგი თამუნა ცინცაძე ამბობს, რომ მოსახლეობაში ალკოჰოლის რაოდენობის შემცირება პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული.

“რეალურად, ალკოჰოლის მიღება სოციალიზაციის ნაწილია. პანდემიის შედეგად, პირველი შეზღუდვები სოციალური დისტანციის დაცვა და ახლობლებთან ნაკლები კომუნიკაცია იყო.  შესაბამისად, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც ადამიანები ალკოჰოლს მოიხმარენ, შეიზღუდა.“

ადრე თუ გვიან კორონა წავა და შეზღუდვებიც სრულად მოიხსნება. სწორედ მაშინ გამოჩნდება, დროებით იყო თუ უკვე ჩვევად დამკვიდრდა ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend