მთავარი საქართველო სადავო კანონპროექტი

სადავო კანონპროექტი

საკანონმდებლო ორგანოში პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს

კანონპროექტის მიხედვით, პარტია, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, დაფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით ვეღარ ისარგებლებს.

მმართველი გუნდის ეს კანონპროექტი მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილისთვის და ამ ინიციატივას დასჯის ერთ-ერთ საშუალებად აფასებენ.

„ამასთან დაკავშირებით არსებობს უმკაცრესი დასკვნა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის, ერთობლივი, საიდანაც ციტატა მოვიყვანე პარლამენტის სხდომაზე ბატონი ანრის გასაგონად, რომ ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი ამბობს, რომ ეს არის არამართლზომიერი, რომ ეს არის ზედმეტად ინვაზიური, რომ ეს არის არაპროპორციული და რომ არ შეიძლება, იმის გამო, რომ საპარლამენტო მანდატს არ იყენებს ესა თუ ის პარტია, ამის გამო შეუზღუდო მას დაფინანსება, საეთერო დრო და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ მან განახორციელოს პოლიტიკური საქმიანობა. ეს არის პირდაპირ რეპრესიები პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

ამ კანონპროექტს ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.


ისინი კანონმდებლებს ახსენებენ, რომ ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა დოკუმენტს კრიტიკული შეფასება მისცა. ხელისუფლებაში კი კანონპროექტის დადებით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას.

„პარტია, პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, საზოგადოებას წარუდგენს, ასე ვთქვათ, თავის სტრატეგიას, გეგმას, ხედვას, მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და საარჩევნო პროცესებში არის ჩართული, ხოლო არჩევნების შემდგომ სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, განაცხადებს, რომ გადადის საბოტაჟის რეჟიმში, ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი საზოგადოება არ არის ვალდებული, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადებით, მათი საბოტაჟი იყოს დაფინანსებული“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა.

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას ხვალ, 11 ივნისს უყრიან კენჭს. საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1 თებერვლიდან იგეგმება.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend