მთავარი მსოფლიო ევროპა „ლუქსის“ კინოდაჯილდოების გამარჯვებული ცნობილია

„ლუქსის“ კინოდაჯილდოების გამარჯვებული ცნობილია

ევროპარლამენტის ყოველწლიური „ლუქსის“ დაჯილდოების გამარჯვებულად რუმინული ფილმი „კოლექტივი“ დასახელდა.

დოკუმენტური ფილმის მთავარი პერსონაჟები არიან რუმინულ გაზეთში მომუშავე გამომძიებლები, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში არსებულ კორუფციას იკვლევენ.

„კოლექტივი“ პანდემიამდე არის გადაღებული. ფილმის რეჟისორი ალექსანდერ ნანაუ აღნიშნავს, რომ კინოინდუსტრიას ამჟამად ევროპული ფონდების დახმარება სჭირდება.

„სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მდგომარეობაა, თუმცა, ვფიქრობ, რომ რუმინულ კულტურას ევროპის დახმარება სჭირდება. ჩვენთან პოლიტიკოსებს კულტურა არ აინტერესებთ. პანდემიის დროს კინოინდუსტრიას არავინ დახმარებია. 2019 წლიდან არც დაფინანსება მიგვიღია“, – ამბობს ფილმის რეჟისორი ალექსანდრე ნანაუ.

 
დაჯილდოებაზე წარდგენილი ოთხივე ფილმი ნაწილობრივ ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული.


1991 წლიდან 2021 წლამდე „ევროპის კრეატიული პროგრამის“ ფარგლებში კინოინდუსტრიაში ევროკავშირმა 2.6 მილიარდი ევრო გამოყო. მომავალში ბრიუსელი დაფინანსებას კიდევ უფრო მეტად გაზრდის და მომდევნო ექვს წელიწადში 1.4 მილიარდ ევროს დახარჯავს.

ამჟამად კინოთეატრებში ძალიან ცოტა ადამიანი დადის. პანდემიის პერიოდში ადამიანები ფილმებს ძირითადად ინტერნეტით უყურებენ. დახურული კინოთეატრებისა და სტრიმინგპლატფორმების პოპულარობის ფონზე კინოინდუსტრია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„საჭიროა, რომ ინდუსტრიაში გვყავდეს გამოცდილი რეჟისორები, თუმცა, ამავდროულად, გზა უნდა გავუხსნათ ახალგაზრდა რეჟისორებსაც. ამისათვის გვჭირდება საჯარო ფონდების დახმარება. ჩვენს ინდუსტრიაში თანხის მოპოვება ძალიან რთულია. ფილმები კარგია კულტურისთვის, თუმცა ამ საქმეში ჩართული ადამიანები ხშირ შემთხვევაში რთულ მდგომარეობაში არიან“, – ამბობს პროდიუსერი კასპერ დისინგი.

დაჯილდოებაზე ასევე წარდგენილი იყო პოლონური რელიგიური დრამა „კორპუს კრისტი“ და თომას ვინტერბერგის ფილმი „შემდეგი რაუნდი“, რომელსაც ოსკარი აქვს მიღებული.

„ლუქსის“ დაჯილდოება ევროპარლამენტმა ევროპული კინოს მხარდასაჭერად 2007 წელს დააფუძნა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend