მთავარი გადაცემები კუბი ნინოწმინდის პანსიონიდან წასული ბავშვები დასჯის და ძალადობის ფაქტებს იხსენებენ - ნინო ლომჯარია

ნინოწმინდის პანსიონიდან წასული ბავშვები დასჯის და ძალადობის ფაქტებს იხსენებენ – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან წამოსულ 6 აღსაზრდელს, რომლებსაც დროებითი თავშესაფარი მოუძებნეს.

ნინო ლომჯარია ფეისბუკზე აქვეყნებს სტატუსს და აღნიშნავს, რომ ექვსივე მათგანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და მათ სხვა ბავშვებთან შეგუება არ გასჭირვებიათ.

ომბუდსმენის თქმით, აღსაზრდელებმა დეტალურად ისაუბრეს, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში პანსიონში. როგორც ისინი აღნიშნავენ, როდესაც ისინი მცირეწლოვნები იყვნენ მათზე  ფიზიკურად ძალადობდნენ და ფსიქოლოგიურ ტრავმასაც აყენებდნენ.

„ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ  დეტალურად შეფასდეს ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში არსებული მდგომარეობა, დაიგეგმოს მათი ოჯახებში შესაძლო დაბრუნება და გადაიდგას ნაბიჯები ოჯახების გაძლიერების მიმართულებით“, – წერს სახალხო დამცველი.

ის ორგანიზაციები და სპეციალისტები, რომლებიც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობენ, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

37-მდე ორგანიზაცია უერთდება ამ განცხადებას. ისინი მთავრობას მიმართავენ, შეიქმნას კრიზისის ჯგუფი, რომელიც პანსიონთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაგეგმავს.


5 ივნისს სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

PHR-ში აღნიშნავენ, რომ სამართლებრივად მათ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სახელით შეუძლიათ სასამართლოში დავა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ეხება შშმ ბავშვებს. თუმცა, ორგანიზაციის იურისტები ამტკიცებენ, რომ მოსამართლემ ისაუბრა იმის შესახებაც, რომ პანსიონში  ყველა ბავშვი საფრთხის წინაშეა, ამიტომ თითოეულმა არასრულწლოვანმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაწესებულება.

ბოლო ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი გამოიყვანეს, მათ შორის 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

საპატრიარქო მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მათი თქმით, სასამართლოზე არ იყო წარმოდგენილი  შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობისა და ძალადობის ფაქტებს დაადასტურებდა.

უახლესი

სხვა ამბები

ნინოწმინდის პანსიონინინოწმინდის პანსიონი
Send this to a friend