მთავარისაქართველო"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ფრაქციას ქმნის

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ფრაქციას ქმნის

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია -ძალა ერთობაშია“ რეგისტრაციაზე იმსჯელეს და მხარიც დაუჭირეს.

პარლამენტში ახლად შესული პარტია აპირებს, რომ მმართველ გუნდს ოპონირება საკანონმდებლო ორგანოშიც გაუწიოს.

“საპარლამენტო ცხოვრებაში ძალიან აქტიურად ჩავერთვებით იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ დავუტოვოთ პოლიტიკაში არც ერთი სივრცე, რომელშიც ის თავისუფლად იგრძნობს თავს. ყველგან უნდა შეექმნას დისკომფორტი და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ადგილი პარლამენტი იქნება, სადაც ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით“,- ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოკავშირედ არ განიხილავს და მიაჩნია, რომ მათი პარლამენტში შესვლა ბევრს არაფერს შეცვლის.

„ნაციონალურ მოძრაობას მოკავშირეებად ვერ განვიხილავთ და არც ვყოფილვართ არასოდეს მოკავშირეები. „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ბევრ რამეს ვუწუნებ, მათ შორის პოლიტიკურ ხარისხს“,- ამბობს პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი.

 
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია თვლის, რომ დროა, დასრულდეს პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებაზე საუბარი და უმჯობესია,  ქვეყანაში არსებული ყოველდღიური პრობლემები განიხილონ.

[br]„ჩვენ გვსურს, რომ ჩხუბიდან და დავიდარაბიდან გადავიდეთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ. პოლიტიკური სპექტრის დამსახურებით ადამიანებს ბოლო რამდენიმე თვეა ესმით, ვინ შევა ან არ შევა პარლამენტში  და ნაკლებს მსჯელობენ იმ კონკრეტულ ყოველდღიურ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაში ხდება და პარლამენტში შემოდის განსახილველად“, – ამბობს იაგო ხვიჩია.

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს კონსტრუქციულ ოპონირებას. ამ მოსაზრებას კი იმით ამყარებენ, რომ ეს პარტია პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე შედის.

„როდესაც ისინი უარს ამბობენ ევროპის დამოკიდებულებაზე, ამ დამოკიდებულების გაზიარებასა და მათი მედიაციით შექმნილ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სამარკო ნიშანი მათთვის ძალაში რჩება და ამას ჰქვია დესტრუქცია“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია 32 წევრისგან შედგება და ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, ხათუნა სამნიძისა და თამარ კორძაიას გარდა.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend