მთავარისაქართველობიძინა ივანიშვილის წერილი

ბიძინა ივანიშვილის წერილი

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა ღალატის ტოლფასია

7 ივნისს დილით „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ახალ პოლიტიკურ პარტიაზე საუბრობს და ამბობს, რომ აზრი, თითქოს გიორგი გახარიას პარტია მისი ახალი პროექტია, მცდარია.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვება საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი იყო.

გიორგი გახარია ივანიშვილის განცხადების შემდეგ ფეისბუკზე სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, მოვლენები იმაზე უფრო საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

დუმილით და ღიმილით უპასუხა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კითხვას, უნდა მიეცეს თუ არა პასუხისგებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ე.წ. ღალატის გამო.


პასუხი ბუნდოვანია, თუმცა გასაგებია ის, რომ, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, „ქართული ოცნების“ წევრებიც ღალატად თვლიან 18 თებერვალს გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას.

[br]„გიორგი გახარია გადადგა  საკმაოდ რთულ მომენტში, როდესაც იყო პოლიტიკური დაძაბულობა, პოლიტიკური კრიზისი. ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელისუფლებო გუნდს მთლიანად და მის ხელმძღვანელს – პრემიერ-მინისტრს. ასეთ დროს გადადგომა  ბრძოლის ველის დატოვებაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„როდესაც ხარ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და კანონის აღსრულებაზე ამბობ უარს, ან სხვა  სიტყვებით ამბობ, რომ კანონის აღსრულების გეშინია, მე, როგორც ყოფილ იუსტიციის მინისტრს მიმაჩნია, რომ ეს კანონის ღალატია“, – ამბობს თეა წულუკიანი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

ოპოზიციური პარტიების წევრების ნაწილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გიორგი გახარიას მოღალატედ გამოცხადება დადგმული სპექტაკლია. ნაწილს კი მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებაში“ შიდა ინტრიგებია.

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა. ეს ისედაც ვიცოდით. ამ განცხადებით მან ასევე დაადასტურა, რომ სურს გახარიას პოლიტიკური გუნდით საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები“, – ამბობს გიგა ბოკერია, პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი.

„აშკარაა, რომ გახარია იზიდავს „ქართული ოცნების“ ელექტორატულ ხმებს და მნიშვნელოვან ნაწილს იღებს. რაც, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ 43%-ის მიღწევას“, – აღნიშნავს ლევან ბეჟაშვილი, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

„43%-ს რომ  ვერ აიღებ შარლ მიშელის დოკუმენტის პირობებში, „ქართული ოცნებისთვის“ დიდი პრობლემაა. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, საჯარო სივრცეში გაემიჯნონ გახარიას და თქვან, რომ ის ოპოზიციონერია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა.

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობენ, „ნაციონალური მოძრაობა“ – „ქართულ ოცნებაზე“. აი, ეს პინგ-პონგი,  ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა თუ არ დავამთავრეთ, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება“, – ამბობს გიორგი ვაშაძე, პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი.

გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილმა ღალატად შეაფასა გახარიას გადადგომა და გამორიცხა, რომ ის არის მმართველი პარტიის სატელიტი. ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, ღალატის გარდა, ყველაზე მძიმე პოლიტიკურ დანაშაულად აფასებს და აღნიშნავს, რომ ახალი პარტიის მიზანი მმართველი პარტიისთვის ხმების წართმევაა.

თავად გიორგი გახარია კი ბიძინა ივანიშვილის წერილის პასუხად თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განცხადებას აქვეყნებს:

„მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე. ვერთიანდებით საქართველოსთვის. არავის წინააღმდეგ“ – ვკითხულობთ გიორგი გახარიას ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე

დღეს, 7 ივნისს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ისინი გამოძიების დაწყებას ითხოვენ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ პოლიციელების, ჯარისკაცებისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეთქმულებას ეხება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend