მთავარისაქართველოშეხვედრა ევროპელ მონიტორებთან

შეხვედრა ევროპელ მონიტორებთან

მმართველი პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობასთან შეხვედრის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდნენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და არსებული გამოწვევები – შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა. ქართველმა პარლამენტარებმა ძირითადი აქცენტი დაგეგმილი რეფორმების შესრულების ხარისხზე გააკეთეს და ევროპელ მონიტორებთან მმართველი პარტიის ინიციატივები გააკრიტიკეს. ევროპელი მონიტორების ვიზიტი სწორედ იმის გადამოწმებას ეხება, როგორ ასრულებენ ქართველი პოლიტიკოსები ამ შეთანხმებას და იმის შესახსენებლადაც, რომ მათი ხელმოწერა მხოლოდ ავტოგრაფი არ ყოფილა.

„შარლ მიშელის დოკუმენტით გაწერილ სასამართლო რეფორმას, აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისთვის, თუ როგორ განვითარდება მომავალში პოლიტიკური პროცესები და აქვს მნიშვნელობა იმისთვისაც თუ რამდენად შეასრულებს საქართველო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ დემოკრატიულ ვალდებულებებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 
„მიუხედავად შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი კონკრეტული შეთანხმებისა, მაინც მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ახალი წევრების დანიშვნა, ისევე როგორც ხელისუფლება აპირებს ყველას შეეხოს ამნისტია, მაშინ როდესაც შეთანხმებით გათვალისწინებული იყო მხოლოდ პოლიტიზირებული საქმეები“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

[br]დაგეგმილი რეფორმების განხილვის გარდა, დეპუტატებმა ევროპელ მონიტორებს ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე საპატრიარქოს გავლენების შესახებ და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არსებულ სავარაუდო მძიმე მდგომარეობაზეც მიაწოდეს ინფორმაცია.

“ყველა რეფორმა დაგვრჩება უკან, თუ დღესვე არ ჩავრთავთ ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში – საპატრიარქო რასაც უნდა იმას აკეთებს, რადგან ჩვენ გვაქვს სახელმწიფო სახელმწიფოში. საქმე ეხება ბავშვებს, სულ ვლაპარაკობთ რეფორმებზე ამ ქვეყანაში, 2006 წელს დაიწყო რეფორმები ბავშვების კეთილდღეობისთვის და ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დახურული დაწესებულება, საპატრიარქო რასაც უნდა იმას აკეთებს, რადგან ეს ხელისუფლება ხმას ვერ იღებს, შეშინებული დგას და უყურებს, როგორ აწამებენ ბავშვებს,” – განაცხადა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა შეხვედრის შემდეგ ქართულ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. სავარაუდოდ, თავიანთი მონიტორინგის შესახებ დასკვნას, სტრასბურგში დაბრუნების შემდეგ გამოაქვეყნებენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend