მთავარისაქართველოევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების ოფიციალური ვიზიტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების ოფიციალური ვიზიტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერიდან უკვე თითქმის ორი თვე გავიდა.

თუმცა, ეს დოკუმენტი როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად კვლავ რჩება.

სწორედ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული და დაგეგმილი რეფორმები იყო მთავარი თემა, რომელზეც დღეს, ორ ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან ისაუბრა.

მოგვიანებით დელეგაციის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

 
„მე წამოვჭერი ორი საკითხი, რომელიც ეხებოდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმას. ორივე საკითხზე მივაწოდე ინფორმაცია. მოვუყევი განვლილი გზა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და გავაცანი, როგორ წარმომიდგენია მე სასამართლო რეფორმის განხორციელება, ვუთხარი, რომ ეს არ იქნება მარტივი, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას ამ საკითხზე, ჩემი აზრით, ის ისეთი შემხვედრი არ არის, როგორიც იყო საარჩევნო რეფორმის შემთხვევაში. ამიტომ მე მათ ავუხსენი, რომ ეს იქნება უფრო რთული საკითხი“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა.

[br]ევროპელი დეპუტატები უკვე ხვალიდან, სამი ივნისიდან საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრასაც გეგმავენ.

განსახილველი საკითხები ამ შემთხვევაშიც სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებული თემებია.

ოპოზიცია აპირებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს საარჩევნო სისტემისა და მართლმსაჯულების სფეროში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საკუთარი პოზიცია გააცნოს.

„ძირითადი თემები შეხვედრის იქნება 2020 წლის არჩევნები, არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი, მედიაგარემო, მოსამართლეების დანიშვნის საკითხები და ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება დღეს განვითარებულ მოვლენებს ქვეყანაში და სამომავლოდ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესში ოპოზიციის როლს და შარლ მიშელის დოკუმენტის იმ პუნქტებს, რომლის შესრულების გარეშეც გარდაუვალია, რომ იგივე კრიზისები არ შეიქმნას ქვეყანაში“, – აღნიშნა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ ევროპის საბჭოს წარმომადგენელთა ვიზიტი მორიგი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის.

„ჩვენს ევროპულ კოლეგებს გავუზიარეთ ის სარეფორმო ხედვები, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ 2014 წლამდე. ვისაუბრეთ ასევე შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ მთელ რიგ საკითხებზე. ყურადღება გავამახვილეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დაგეგმილ რეფორმაზე და, იცით, რომ ამ მიმართულებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უწევს ხელმძღვანელობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმას და ჩვენი ამოცანაა, რომ 2024 წლამდე, ვიდრე განაცხადს დავაყენებთ, პარლამენტმა, მეათე მოწვევამ შეძლოს და მიიღოს ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. რა თქმა უნდა, ასევე შევეხეთ იმ პოლიტიკურ მოცემულობას, რაც გვაქვს. შევეხეთ კონკრეტულ პუნქტებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, რომლითაც ჩვენ კიდევ ერთხელ ავუხსენით, რა ეტაპზეა თითოეული რეფორმა“, – თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით არის ჩამოსული.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან შეხვედრა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend