მთავარისაქართველო"სილქნეტი" ამერიკული კომპანია SAS-ის პარტნიორი გახდა

“სილქნეტი” ამერიკული კომპანია SAS-ის პარტნიორი გახდა

ანალიტიკის სფეროში მსოფლიოს ლიდერი ამერიკული კომპანია საქართველოში შემოვიდა

კომპანია „სილქნეტის“ გენერალურმა დირექტორმა და ამერიკული კომპანია SAS-ის რეგიონულმა ვიცე-პრეზიდენტმა პარტნიორობის ხელშეკრულებას პირველ ივნისს მოაწერეს ხელი.

ხელმოწერას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც ესწრებოდა. მისი თქმით, ეს პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს.

„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და აღვნიშნავ პარტნიორობის გაფორმებას ქართულ და ამერიკულ კომპანიებს შორის. „სილქნეტი“ წამყვანი ქართული კომპანიაა, SAS-ი  კი ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკული კომპანია ციფრულ სფეროში. ძალიან კარგია, რომ  ამერიკულ-ქართული თანამშრომლობა შედგა იმ სფეროში, რომელიც არა მომავლის მიმართულება, არამედ აწმყოა. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ბევრ ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვნახავთ, როგორიც დღეს ამ პარტნიორობის გაფორმებაა“, – განაცხადა კელი დეგნანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

[br]ანალიტიკური კომპანია SAS-ი პარტნიორი ორგანიზაციებისგან აგროვებს და ამუშავებს ინფორმაციას იმისათვის, რომ შეისწავლოს თითოეული მომხმარებლის ქცევა და შედეგად პარტნიორ კომპანიას დაეხმაროს, რათა მან უკეთ უპასუხოს მომხმარებლის მოთხოვნებს.

„გაციფრულების მნიშვნელობა სხვადასხვა სფეროში იგრძნობა. ეს შეიძლება იყოს  ორიენტირებული ოპერატიულ სისტემებზე ან უშუალოდ მომხმარებელზე.  ოპერატიული თვალსაზრისით, ფინანსურ ორგანიზაციებს შეუძლიათ SAS-ის სისტემა გამოიყენონ ფულის გათეთრების ფაქტების უკეთ ამოსაცნობად ან ქსელის სიზუსტის გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება მომხმარებელზე ორიენტირებულობას, ამ დროისათვის სატელეკომუნიკაციო კომპანიები ზოგადად განსაზღვრავენ მომხმარებლების მოთხოვნას. SAS-ის გამოყენებით კი ჩვენ შეგვეძლება გავიგოთ კონკრეტულად ერთი მომხმარებლის მოთხოვნის შესახებ. მონაცემთა ბაზა მიწოდების სერვისის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს“, – ამბობს ტაიფუნ ტოფქოჩი, კომპანია SAS-ის სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის მმართველი დირექტორი.

„ფიზიკურ აბონენტებს პირადად მორგებულ პაკეტებს შევთავაზებთ. ეს არ იქნება სტანდარტული პაკეტი, ყველა ადამიანს ექნება საშუალება, ის საკუთარ თავზე მოირგოს SAS-ის პროგრამის საშუალებით ამ შეთავაზებას კომპანია “სილქნეტი“ უზრუნველყოფს, – განაცხადა დავით მამულაიშვილმა, კომპანია „სილქნეტის“ გენერალურმა დირექტორმა.

კომპანია „სილქნეტი“ ამერიკული კომპანია SAS-ის პირველი სტრატეგიული პარტნიორია საქართველოში. SAS-ის პროგრამის დახმარებით, კომპანია „სილქნეტი“ შეძლებს, ყველაზე თანამედროვე სისტემების გამოყენებით მოემსახუროს მომხმარებელს. კომპანია აპირებს SAS-ის ტექნოლოგიების დახმარებით გაუწიოს მომსახურება კორპორაციულ კლიენტებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს,  მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები  მიიღონ.

„ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით  ამ ინფორმაციის გადამუშავება ასეთი სახის კომპანიის მიერ და შემდეგ ამ სერვისების მიწოდება ახალი სიტყვაა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სწორედ ჩვენი დახმარებით შემოვიდა SAS-ი საქართველოში“, აღნიშნავს გიორგი რამიშვილი, „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

მსოფლიოში ლიდერი ამერიკული კომპანია 149 ქვეყანაში მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს ემსახურება. პირველ ივნისს მათ რიცხვს „სილქნეტიც“ შეემატა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend