მთავარისაქართველორას ნიშნავს იყო მშობელი?

რას ნიშნავს იყო მშობელი?

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

ამ დღის აღნიშვნის მიზანია, საზოგადოება კიდევ ერთხელ  დაფიქრდეს რა პრობლემები აქვთ ბავშვებს, როგორი ზრუნვა სჭირდებათ, რისგან დაცვა და როგორი აღზრდა. ყველაზე ახლოს კი ბავშვთან, ყოველთვის მშობელია.

რას ნიშნავს იყო მშობელი? რას გულისხმობს ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, სიყვარულისა და მოფერების გარდა? იცვლება თუ არა ამ პასუხისმგებლობის აღქმა თაობების ცვლასთან ერთად?

არსებობს ასეთი თამაში დედაშვილობანა, ამ დროს ბავშვები დედისა და შვილის როლს ინაწილებენ.

დედის პერსონაჟი მზრუნველი და საქმიანია, შვილის პერსონაჟი კი დამჯერი და ცელქი. ზოგადად ეს არის ბავშვის წარმოდგენა მშობლად და შვილად ყოფნაზე.

მაგრამ რა ხდება, როცა ნამდვილი მშობელი ხარ?

29 წლის რუსო აღნიაშვილს ბავშვების აღზრდაში დედა ეხმარება.

ბედნიერია – რადგან, დედაც არის და შვილიც. მიუხედავად იმისა, რომ მისი უფროსი შვილი უკვე 7 წლისაა, ამბობს რომ დედის როლი ბოლომდე მაინც არა აქვს გააზრებული:

„პირველად რომ დედა გავხდი მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა და არც ერთი წუთით ჩემთვის დრო აღარ მქონდა, პირველად ყველაფერი დათიზე იყო, მერე მეორედ გავხდი დედა და საერთოდ აღარ მქონდა დრო“, – ამბობს რუსო

რუსო დედის რჩევებს სულ უსმენს ამბობს, რომ როგორც მშობელი,  დედისგან განსხვავდება.

„მომწონს დედაჩემის რაღაც თვისებები და მეც მინდოდა ასეთი ვყოფილიყავი, მაგრამ დღეს, რომ ვუყურებ დედაჩემი უფრო ისეთია – თბილად ჩააცვი არ გაცივდეს და აი მსგავს რაღაცებზე სულ ვკამათობთ ხოლმე, მე უფრო თანამედროვედ ვუყურებ ცხოვრებას“, -ამბობს რუსო.

რუსოს დედა მარინა ფიქრობს, რომ მშობლის როლი დროსთან ერთად შეიცვალა. მარინას თქმით ის ხშირად უფრო მეტს ღელავს, ხან შვილზე, ხანაც შვილიშვილებზე

„მე ვფიქრობ, რომ რაღაცებში მგავს, ცდილობს, რომ ჩემგან კარგი აიღოს. რაღაცებში განსხვავება, რა თქმა უნდა, არის, რასაც მე დავუშლიდი ის ბავშვებს არ უშლის“,- ამბობს მარინა.

მარინა თვლის, რომ მას შემდეგ რაც დედა გახდა, მისი შვილი ძალიან შეიცვალა.

„მე მგონი უფრო დააფასა რა არის დედა, დედობა და სხვანაირად შეხედა ამ საკითხს“

რა არის ის, რაც რუსოში შეიცვალა? რა მოუტანა მას იმან, რომ მშობელი გახდა? ფსიქოლოგებს ამაზე თავიანთი პასუხი აქვთ. მათი თქმით მშობლობამდე ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიაზროს რატომ აჩენს შვილს.

„ ძალიან გავრცელებულია ჩვენს კულტურაში ის დამოკიდებულება, რომ ბავშვს ვაჩენ იმისთვის, რომ ჭიქა წყლის მომწოდებელი მყავდეს სიბერეში და არ დავრჩე მარტო ეს გარკვეულწილად შენი მშობლობის სტილსაც განსაზღვრავს, ამიტომ ღირებულებების დონეზე და საკუთარ თავთან შეთანხმება იმისა, რომ რა ფუნქციას აკისრებ შვილს, რომელსაც აჩენ არის ძალიან მნიშვნელოვანი“,-ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

რუსოს უმცროსი შვილი სალი ახლა არაფერზე დარდობს, რადგან დედის იმედი აქვს და იცის, რომ ნებისმიერ დროს დაიცავს.

ვიდრე თავად გახდება დედა, კიდევ ბევრი რამ შეიცვლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend