მთავარისაქართველობოლო ნოტი და სიჩუმის წამი

ბოლო ნოტი და სიჩუმის წამი

29 მაისს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში უკვე მე-6 კონცერტი ჩატარდა. კონცერტის წინ მუსიკას მონატრებულმა მსმენელმა და მსმენელს მონატრებულმა მუსიკოსებმა ერთმანეთთან შესახვედრად უჩვეულო პროცედურები  გაიარეს. თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, ბეთჰოვენის პირველი სიმფონია და მესამე საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. სოლისტი  პიანისტი დავით ალადაშვილი იყო.

„მაჩვენეთ თქვენი ბილეთი“; „სად არის ჩემი ადგილი“; „გთხოვთ, გამორთოთ მობილური ტელეფონები“ – პანდემიისთვის არადამახასიათებელი ფრაზები ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში მისულ მსმენელს იმ დროში აბრუნებს, როცა ადამიანების ერთად შეკრება და მუსიკის მოსმენა უსაფრთხო იყო, იმ დროში, რომელიც წელიწადზე მეტია, ენატრებათ.

7-ს წუთები აკლია და მსმენელი დარბაზშია. ზუსტად 7 საათზე  აქ ბეთჰოვენს მოუსმენენ. გაისმა მესამე ზარიც. მესამე ზარის შემდეგ კი, ორკესტრის სცენაზე გამოჩენისას, იყო უწყვეტი აპლოდისმეტები, ერთწამიანი სიჩუმე და მუსიკის პირველი ჰანგები.

 
ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრიდან ბეთჰოვენის პირველი სიმფონიისა და მესამე საფორტეპიანო კონცერტის ჰანგები ისმოდა.  ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დაბადებიდან 250 წლის აღსანიშნავად იუნესკომ 2020 წელი უდიდესი გერმანელი კომპოზიტორის წლად გამოაცხადა. თუმცა პანდემიის გამო იმ მასშტაბის კონცერტები ვერ ჩატარდა, რაც დაგეგმილი იყო. ამიტომ მუსიკოსები მსმენელს ბეთჰოვენის მუსიკით 2021 წელსაც სიამოვნებით ანებივრებენ.

[br]ორკესტრის წევრები, დირიჟორი და პიანისტი კი ნახევრად სავსე დარბაზში მსმენელის ემოციის აღქმას მათი თვალებიდან ცდილობენ.

“მსნმენელისგან ვიგრძენით, რომ ძალიან ბედნიერები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა მაინც. პირველ რიგში, იმიტომ, რომ კონცერტს ესწრებოდნენ.  ძალიან გამიხარდება, თუკი სიამოვნებაც მივანიჭეთ.  კონცერტი თავისთავად ფუფუნებაა, თან ამ არაჩვეულებრივ ორკესტრთან და თავად მაესტრო ვახტანგ კახიძესთან ერთად. შესრულდა ბეთჰოვენის მესამე საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც პიანისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი პიესაა. როცა ხალხიც დარბაზშია, მიუხედავად რეგულაციებისა და ბევრი ბარიერისა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაცაა,“ – ამბობს დავით ალადაშვილი, პიანისტი.

„პირველ რიგში, ორკესტრს ვერჩი ხოლმე. რაც გავაკეთეთ, ყველაფერი გამოვიტანეთ. დათუნამაც ძალიან კარგად დაუკრა, ვეცით პატივი ბეთჰოვენს. ჩემი აზრით, კარგი კონცერტი იყო. მაყურებლის რეაქციიდანაც იგრძნობოდა ეს. მე კმაყოფილი ვარ. დარბაზი სავსე იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილების რაოდენობა განახევრებულია. უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ ყველაფერს ვეჩვევით და პრინციპში ანშლაგის შეგრძნება დღესაც იყო“, – განაცხადა დირიჟორმა და კომპოზიტორმა ვახტანგ კახიძემ.

კონცერტი დამთავრდა… როგორც მსმენელი ამბობს, საღამომ ერთი ამოსუნთქვით  ჩაიარა.  ბოლო ნოტის აღების შემდეგ კვლავ  სიჩუმის წამი იყო, შემდეგ კი –  მონატრებული უწყვეტი ტაში.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend