მთავარი საქართველო 31 მაისი - მსოფლიო დღე „თამბაქოს გარეშე“

31 მაისი – მსოფლიო დღე „თამბაქოს გარეშე“

31 მაისს მსოფლიო დღე „თამბაქოს გარეშე“ აღინიშნება.

ორი წელია, რაც გიგამ მოწევას თავი დაანება. ახლა იგი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და თავს უკეთ გრძნობს.

“სიგარეტი პირველად 17-18 წლის ასაკში გავსინჯე. მალევე გავხდი მწეველი. ხუთი-ექვსი წლის შემდეგ შემაწუხა ხველებამ, არასასიამოვნო შეგრძნებამ, რაც ერთგვარ სტიმულად იქცა, რომ მოწევისთვის თავი დამენებებინა“, – იხსენებს გიგა პაპაშვილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო კვლევის მიხედვით საქართველოში თამბაქოს მოსახლეობის 30% მოიხმარს – მამაკაცების 55, ხოლო ქალების 7%.  თამბაქოს მოხმარების დაწყების საშუალო ასაკი კი 18 წელია.

 

2018 წლის მონაცემთან შედარებით მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარება 3%-ით არის შემცირებული.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ ბოლო დროს სიგარეტის მოხმარებას ალტერნატიული პროდუქტები ანაცვლებს.

„ბოლო ერთი წელია, რაც მოსახლეობა სიგარეტისთვის თავის დანებების მიზნით ელექტრონულ სიგარეტსა ან ე.წ. გახურებად თამბაქოს პროდუქტზე გადადის, რაც არ არის ჯანსაღი ალტერნატივა. არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს თამბაქოზე თავის დანებების საშუალებას. რეკომენდებულია მხოლოდ შესაბამისი ოფიციალური “გაიდლაინებითა” და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული თამბაქოზე თავის დანებების საშუალებები. რაც საქართველოში არსებობს და ხელმისაწვდომია“, – ამბობს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე.

ბლოგერმა ნიკო ნერგაძემ 13 წლის ასაკში დაიწყო მოწევა. მაშინ ფიქრობდა, რომ მოწევა უფრო „დიდურად“ წარმოაჩენდა და ბავშვურ იერს დაუკარგავდა.

„13 წლის რომ ვიყავი, წარმომედგინა, რომ სიგარეტით უფრო მაგრად გამოვიყურებოდი. ახლა რომ იგივე კადრი დავინახო, 13 წლის ასაკში სიგარეტი რომ მიჭირავს, სრულიად განსხვავებულ სურათს დავინახავდი, საერთოდ არ ჩანს „ქულ ტიპი“, არამედ დეგენერატი. ჩაარტყი ხელში და გააგდებინე სიგარეტი.. რა ჭირად უნდა…“, ამბობს ნიკო ნერგაძე

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის თქმით, სამომავლოდ თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend