მთავარისაქართველომზადება მართლმსაჯულების რეფორმისთვის

მზადება მართლმსაჯულების რეფორმისთვის

მართლმსაჯულების სისტემური რეფორმის პუნქტი ერთ-ერთია იმ ხუთი დებულებიდან, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ქართველ პოლიტიკოსებს დაუტოვა.

ის, რომ ქართულ მართლმსაჯულებას დემოკრატიულ სტანდარტებთან მიმართებაში პრობლემები აქვს, მკაფიოდ საუბრობენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა, ვისაც ქართველ თემიდასთან შეხება ჰქონია.

ახლა საპარლამენტო ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთად მსჯელობს, როგორ გარდქმნას სასამართლო ხელისუფლება და საგამოძიებო ორგანოები, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ სისტემად.

ოპოზიციას თავისი კრიტიკული შენიშვნები და მოსაზრებები აქვს.

“სასამართლოს სჭირდება ქირურგიული ჩარევა, ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს ქირურგიული და ფუნდამენტური ჩარევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში იქნება ძალა ან ძალები, რომელსაც ექნება კომპეტენცია, გამბედაობა და არ დასძლევს ცდუნება, რომ წინა და მოქმედი ხელისუფლების მსგავსად მორჩილი სასამართლო იყოლიოს. მანამდე შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება ემსახურება საფუძვლის მომზადებას ფუნდამენტური რეფორმისთვის”, – აცხადებს ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი.

[br]მართლმსაჯულების განხორციელებაში ხარვეზებს აღიარებს მმართველი პარტიაც. „ქართულ ოცნებაში“ არ მალავენ, რომ აქამდე გატარებული რეფორმები, ვერ იყო საკმარისი სრულყოფილი მართლმსაჯულების მისაღებად.

[br]საპარლამენტო უმრავლესობაში განხილვებისა და ფართომასშტაბიანი რეფორმაზე მუშაობისთვის ოპოზიციასთან ერთად, მზაობას გამოთქვამენ.

„დოკუმენტით რაც ვიკისრეთ, სრულფასოვნად შესრულდება. 2012 წლიდან „ქართული ოცნება“ სწორედ სისტემურ ცვლილებებს ახორციელებს და არა კოსმეტიკურს. პირველი ნაბიჯი რაც გადაიდგა, ეს იყო სასამართლო სისტემის დეპოლიტიზაცია. ამის შემდეგ იყო სასამართლო სისტემის გახსნა და კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება. ასევე გვაქვს ხედვა, რომ სისტემური ცვლილებები უნდა გავაგრძელოთ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მართლმსაჯულება, სასამართლო სრულად გათავისუფლდეს პოლიტიკური ჩარევებისგან, რაზეც ამ დრომდე არსებობს პრობლემები და მომავალში ვერავინ შეძლოს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გატარება“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.

შესაძლო პოლიტიკური და ე.წ. „კლანის“ გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო თუ საგამოძიებო სისტემები, საქართველოს დასავლურ ცივილიზაციასთან მეტად დაახლოების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და შესაბამისად მეტი ეკონომიკური განვითარების გარანტს მისცემს.

თავისუფალი სასამართლო, პროკურატურა თუ საპოლიციო დეპარტამენტები ქვეყანაში სხვა სიკეთეებსაც განაპირობებს.

ამ მიზნის მისაღწევად და შარლ მიშელის დოკუმენტის კიდევ ერთი პუნქტის შესასრულებლად, ქართველ პოლიტიკოსებს ვადა 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლო საპარლამენტო სხდომამდე აქვთ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend