მთავარიამბებინათია თურნავა - სამეთვალყურეო საბჭო „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ფინანსურად ძლიერ და მდგრად ორგანიზაციად...

ნათია თურნავა – სამეთვალყურეო საბჭო „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ფინანსურად ძლიერ და მდგრად ორგანიზაციად ჩამოყალიბებაში დაეხმარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახლადარჩეულ წევრებს შეხვდა.

სახელმწიფო საწარმოს ახალი საბჭო  საქართველოში სახელმწიფო საწარმოების მასშტაბური რეფორმის ფარგლებში აირჩა.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წარმოადგენენ: იორგ მათიესი, თეონა მაკალათია, ეკატერინე შავგულიძე, ზურაბ ბექაია და ლეონტინა გალდავა. საბჭოში მათი საქმიანობის ვადად სამი წელი განისაზღვრა.

შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა“ პირველი სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოა, რომელიც რეფორმირებას დაექვემდებარა. მისი თქმით, კორპორაციული მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომპანიაში დაიწყო კორპორატიზაციის პროცესი. მათ შორის, ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო ღია კონკურსის წესით გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეირჩა და მთლიანად არააღმასრულებელი წევრებით დაკომპლექტდა, რაც საბჭოს დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

ნათია თურნავამ მიულოცა სახელმწიფო საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს საპასუხისმგებლო პოზიციებზე არჩევა და „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სისტემაში რეფორმის შემდგომი ეტაპების განხორციელების პროცესში წარმატება უსურვა. „სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ სამეთვალყურეო საბჭო საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩამოყალიბდა. საბჭოს წევრებად მაღალი რანგის პროფესიონალები ხანგრძლივი შერჩევის შედეგად შეირჩნენ. ისინი დაეხმარებიან კომპანიას, მის მენეჯმენტს იმაში, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ჩამოყალიბდეს საუკეთესო კორპორატიული სტანდარტების მიხედვით და უფრო ეფექტურად იმართებოდეს,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მთავარი ამოცანაა, ძლიერი და დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა. მისი თქმით, რეფორმირების შემდეგ,  „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ სახელმწიფოს დახმარების გარეშე უნდა შეძლოს ფინანსური რესურსის მოზიდვა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ საფინანსო ბაზრებზე.

მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ, კომპანიამ სრულად დაფარა კრედიტორების წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებები და რეაბილიტაციის რეჟიმი 2023 წლის ნაცვლად, 2021 წელს დაასრულა.

კონკურსში, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ სახელმწიფო საწარმოში სამეთვალრეყურეო საბჭოს წევრების შერჩევის მიზნით 2021 წლის 2  მარტს გამოაცხადა, 174  კანდიდატმა მიიღო. შედეგად, შეირჩა სამეთვალყურეო საბჭოს  5 წევრი.

უახლოეს მომავალში სააქციო საზოგადოებაში შეიქმნება ანაზღაურების, აუდიტის, დანიშვნების, ინვესტიციებისა და რისკების კომიტეტები, რომლებიც საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებების შესაბამისად იმუშავებენ. სამეთვალყურეო საბჭო ასევე დაამტკიცებს სხვადასხვა პოლიტიკასა და განახლებულ ეთიკის კოდექსს, რაც კომპანიის შემდგომი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კომპეტენციაში შედის კორპორაციული სტრატეგიის და წლიური ბიზნესგეგმის შემუშავება,  ბიუჯეტის მონიტორინგი. ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და კომპანიის აღმასრულებელ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევა, დანიშვნა, გათავისუფლება და სახელფასო პოლიტიკის შემუშავება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend