მთავარისაქართველოპოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას ვიზიტი საქართველოში

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას ვიზიტი საქართველოში

რუსეთის აგრესია, ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის და პოლონეთის დახმარება მოკავშირე ქვეყანას – ეს იყო ის მთავარი გზავნილები , რომლებზეც პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დროს სხვადასხვა ტრიბუნიდან ისაუბრა.

ვიზიტის მეორე დღე პოლონეთის პრეზიდენტმა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.

აქაც, 26 მაისის მსგავსად, მთავარი თემა რუსული აგრესია და საქართველოს ევროინტეგრაციის გზა იყო. მისი თქმით, ეს გზა რთულია, თუმცა ყველა ნაბიჯი ღირს ამად.

 
„ეს არის ჩემი მნიშვნელოვანი მიმართვა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიმართ, რომ ნატო-სა და ევროკავშირის კარი აუცილებლად უნდა იყოს ღია. ჩვენ ველით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ რეფორმების გატარების პირობებში, რომლებსაც ევროკავშირი და ნატო მოითხოვენ, მათი მიღება და გაწევრიანება მოხდება. ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ, რაც არ იყო ადვილი არც პოლონეთში, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მართლა ყველა ნაბიჯი ღირდა ამად. მინდა მოვუწოდო საქართველოს საზოგადოებას, რომ გააგრძელოს ძალისხმევა ამ მიმართებით, რომ განაგრძოს რეფორმების გატარება და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი მომავალშიც იქნება საქართველოს მეგობარი, რომელიც საქართველოს დაეხმარება მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ.

[br]„14 ივნისს იმართება სამიტი, რომელსაც დაესწრება ამერიკის პრეზიდენტი. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, საქართველოს და ჩვენი მეგობარი უკრაინის და ერთობლივად ჩვენთვის იყოს იქ ისეთი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის და ღია კარი, როგორც ახლო წარსულში გაიხსნა მაკედონიისთვის, ეს კარი ჩვენთვის ასევე ღია იყოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით გაგრძელდა. სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

დღესვე ანჯეი დუდა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას და საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანსაც შეხვდა.

„იყო საუბარი ორმხრივ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტ ინტენსიფიკაციაზე. ჩვენ ველით კიდევ უფრო მეტ პოლონელ ტურისტს საქართველოში. მიღწეულია შეთანხმება, რომ პოლონელი ტურისტების მიმართ იყოს ყველანაირი ხელშეწყობა იმისათვის, რომ მათ უსაფრთხოდ შეძლონ ქვეყანაში შემოსვლა და მოგზაურობა. ასევე განვითარდეს ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველო 27 მაისს დატოვა, თუმცა იქამდე განაცხადა, რომ პოლონეთი დაეხმარება საქართველოს, მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უფრო მეტად წარმოჩინდეს საერთაშორისო ფორმატებში.

კესარია ჯავახიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend