მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდ ბრიტანეთში ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების საკითხს განიხილავენ

დიდ ბრიტანეთში ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების საკითხს განიხილავენ

ბრიტანეთში პირადობის მოწმობის ტარება ბოლოს სავალდებულო მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. კანონი ომის შემდეგ მალევე გაუქმდა და დღეს ბრიტანეთი იშვიათი გამონაკლისია ევროპაში, სადაც პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა სავალდებულო აღარ არის.

2010 წელს მთავრობამ ახალი პირადობის მოწმობის ბარათების შემოღების გეგმა გააუქმა. კონფიდენციალურობისა და ადამიანის უფლებების ადვოკატი, ფილ ბუთი იმ კამპანიას ხელმძღვანელობდა, რომელიც პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოღების წინააღმდეგ იყო მიმართული.

„პირადობის მოწმობები ათწლეულების განმავლობაში იცვლებოდა. მარტივი სურათიანი ბარათიდან დახვეწილი ბარათი მივიღეთ, რომელიც ციფრულ ინფორმაციას შეიცავს. ეს მონაცემთა ძალიან დიდი ბაზაა და თუ როგორ გამოიყენებს მთავრობა ამ ინფორმაციას, ეს არის მთავარი პრობლემა“, – ამბობს ფილ ბუთი.

 

ფილ ბუთი მიიჩნევს, რომ ევროპაში პირადობის კიდევ უფრო გაციფრულების პროცესი მიმდინარეობს.

„ზოგ ქვეყანაში ეს ისე კეთდება, რომ მოქალაქეებს აკონტროლებენ, სხვა ქვეყნებში კი პირიქით, მთავრობა კონტროლდება. ჩემს ქვეყანაში ხალხს არ მოსწონს ის, რომ მთავრობა შენი ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებს“, – თქვა მან ევრონიუსთან საუბარში.

70 წლის შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომისდროინდელი პირადობის ბარათები გაუქმდა, მთავრობა პირადობის მოწმობის ორ ახალ პროექტზე მუშაობს.

პირველი გეგმის თანახმად, პირადობის მოწმობა, რომელზეც პიროვნების ფოტოა დაბეჭდილი, სავალდებულო არჩევნებისას იქნება, თუმცა არჩევნების გაყალბება აქ დიდი პრობლემა არ არის.

მეორე გეგმის მიხედვით, კი მოსახლეობას იდენტიფიკაცია ონლაინ შეეძლება, ე.წ. ციფრული პირადობის მოწმობებით.

მთავრობას სურს, ეს მოწმობები საჯარო სერვისების მიღებისას იყოს გამოყენებული, როგორიცაა თუნდაც ჯანდაცვა.

ონლაინბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პირადობის დამადასტურებელი ციფრული საბუთი საჭიროა.

ტექნოლოგიური კომპანიის წარმომადგენელი ქეთრინ ჰოლდენი ამბობს, რომ ციფრული პირადობა ინტერნეტში მუშაობას ამარტივებს.

„იმ შემთხვევებში, თუ სამსახურის მისაღებად საბუთებს დისტანციურად აგზავნი, ან თუ სამსახურში შემოწმების პროცესის გავლა გიწევს, ან თუ იპოთეკურ სესხზე აკეთებ მოთხოვნას, იდენტიფიკაციისთვის ძალიან ბევრი პროცედურის გავლა გიწევთ. ციფრული პირადობის მოწმობას კი შეუძლია ბიუროკრატიული სამუშაო საგრძნობლად შეამციროს. ეს იდენტიფიკაციის სწრაფი, საიმედო, უსაფრთხო და დაცული გზაა“, – ამბობს ქეთრინ ჰოლდენი.

ამჯერად მონაცემთა დიდი ბაზის შექმნას არ გეგმავენ, თუმცა აქტივისტები რისკებს მაინც ხედავენ.

ორგანიზაცია „ღია უფლებების“ დირექტორი ჯიმ კილოკი ამ საფთხეებზე საუბრობს.

„ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ იდენტიფიკაციის გავლა კერძო კომპანიებთან დაგვჭირდება და ეს მონაცემები მთავრობას არ გადაეცემა. მაგრამ ეს პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს. ხელისუფლებაში ყოველთვის არის ხალხი, რომელსაც სჯერა, რომ ამ მონაცემების გაერთიანება ქვეყნისთვის საუკეთესო იქნება“, – ამბობს ჯიმ კილოკი.

ათი წელი გავიდა და მთავრობა კვლავ ცდილობს პირადობის მოწმობა შემოიღოს. არსებული ტექნოლოგიები იცვლება. თუმცა სხვა საკითხია, რა განწყობა აქვს ხალხს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend