მთავარისაქართველოამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობა კვლავ უშედეგოდ დასრულდა

ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობა კვლავ უშედეგოდ დასრულდა

ხელისუფლებისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა დღეს, 27 მაისს საკანონმდებლო ორგანოში კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრის მიზანი 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის კანონპროექტის საერთო ვერსიაზე შეთანხმება იყო.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტთან შესაბამისობაში სწორედ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტია.

„ჩვენი პროექტით, ამნისტია ორ მუხლზე უნდა გავრცელდეს. „ქართული ოცნების“ ვერსიით, ამნისტია იმ მუხლებზეც უნდა გავრცელდეს, რომლის საფუძველზეც დღეს სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება საქმე შემდგომში აღიძრას. გარდა ამისა, ჩვენი პროექტის შემთხვევაში, საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა იმისათვის, რომ  ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის საჭირო“, – თქვა ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს პოლიტიკოსებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

[br]დოკუმენტის მიხედვით, ხელმომწერებმა რეაგირება უნდა მოახდინონ ორ საქმეზე, რომლებიც „პოლიტიზებულ მართლმსაჯულებადაა აღქმული“.

დოკუმენტის თანახმად, ეს საკითხები უნდა მოგვარდეს ან ამნისტიის გამოცხადებით, ან სხვა ისეთი ზომებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

დოკუმენტში პირდაპირ არ არის ნახსენები ნიკა მელია და გიორგი რურუა. საპატიმრო ორივემ უკვე დატოვა. თუმცა, ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამჟამად 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიის კანონპროექტის ერთ ვერსიაზე ვერ თანხმდებიან – ჯერ ისევ უცნობია, ვის უნდა შეეხოს ამნისტია და ვის არა.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ სწორედ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტს.

„ჩვენი დოკუმენტი არის მთლიანად თავსებადი შარლ მიშელის დოკუმენტთან და ზუსტად შეესაბამება მის შინაარსს. კერძოდ, საუბარია მიშელის დოკუმენტში იმაზე, რომ ყველას უნდა შეეხოს ამნისტიის შესახებ კანონი და ჩვენ ზუსტად ეს ავსახეთ ამ კანონპროექტში. კერძოდ ყველას, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა, გამონაკლისები ჩვენ მაინც დავუშვით. ეს არის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც ასეთი დანაშაული, შეიძლება ჩაიდინეს, ყველაზე ვრცელდება ამნისტიის შესახებ კანონი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, ეს არის უარის საკითხი – თუ პირი უარს აცხადებს მიშელის დოკუმენტზე, უპირისპირდება მიშელის დოკუმენტს და უპირისპირდება, შესაბამისად, ამნისტიის შესახებ კანონს, ამ შემთხვევაში მასზე ამნისტია არ უნდა გავრცელდეს. ეს პრინციპი და ეს ლოგიკა არის ასახული ჩვენს კანონპროექტში“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ მზაობას გამოთქვამს, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, გაგრძელდეს მსჯელობა და მოხდეს პოზიციების დაახლოება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend