მთავარისაქართველოდაჭრილ მებრძოლთა თანადგომა

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომა

ზაზა სამუშია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში 8 აგვისტოს დაიჭრა. ნაღმზე აფეთქდა და თვალი დაკარგა.

ხელოვნური თვალი ჩაუდგეს, და ახლა, ყოველ ორ წელიწადში, თვალის პროთეზის შეცვლა სჭირდება. სწორედ ამ პროცედურას უტარებენ მას ახლა მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში. ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას ზაზა სამუშია უსასყიდლოდ იღებს.

„თუნდაც ელემენტალური ყურადღება… ეს პროთეზი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა შევიცვალოთ, რაც ხარჯებთანაცაა დაკავშირებული. დიდ ყურადღებას იჩენენ, ყოველნაირად გვაქცევენ ყურადღებას, რომ დისკომფორტი არ შეგვექმნას“, – ამბობს ზაზა სამუშია.

ზაზა სამუშიას გარდა ეს პროცედურა სხვა ვეტერანებსაც სჭირდებათ.

[br]სარეაბილიტაციო ცენტრში, სხვადასხვა დროს დაშავებულ 8 მებრძოლს გაუწიეს ასეთივე დახმარება. ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული პროთეზი, ბუნებრივ თვალთან ძალიან მიახლოებულია, და ეს მებრძოლებს ბევრად უიოლებს ცხოვრებას.

ამ ფაქიზი პროცედურის ჩასატარებლად, თურქეთიდან ქირურგი საგანგებოდ მოიწვიეს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტმა.

“სპეციალურად თურქეთიდან ჩამოვიდნენ ძალიან კარგი სპეციალისტები. სასიხარულო ამბავია, რომ ამ დღეებში დახმარებას გაუწევენ  ჩვენს რვა საამაყო მეომარს“ – განაცხადა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა.

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” 2018 წელს დაარსდა სხვადასხვა დროს დაშავებული მებრძოლების დასახმარებლად.

ფონდს დიდი მიზნები აქვს. აქ სურთ, რომ დაჭრილი ვეტერანების მხარდაჭერა საქართველოშიც ისეთივე მასშტაბური იყოს, როგორც მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. სწორედ ამიტომ, დაარსების დღიდან, ეს ფონდი აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან.

“ეს ფონდი უნიკალურია იმ მხრივ, რომ შემოწირული თანხების  ასი პროცენტი  ბენეფიციარებზეა მიმართული და არანაირი თანხა არ იხარჯება ადმინისტრაციულ რესურსზე. როდესაც ჩვენ ფონდის დაფუძნება გადავწყვიტეთ, გვინდოდა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ თითოეული ჩვენთაგანი გვერდში უნდა დაუდგეს ამ გმირებს.  ქვეყანა იმით ფასდება, თუ როგორ უდგას გვერდში ვეტერანს, სახელმწიფო დონეზე, და ახლა უკვე კერძო სექტორიდან”, – ამბობს  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ თანადამფუძნებელი პაატა პატიაშვილი და დასძენს:

„იდეა გულისხმობს იმას, რომ თვითონ კერძო სექტორი, “სილქ როუდ ჯგუფის” და “სილქნეტის” თაოსნობით ჩაერთო ჩვენი გმირების მხარდაჭერის პროცესში, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს უსაფრთხო გარემოში ვცხოვრობთ.“

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს” ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული, და სულ უფრო მეტად იკრებს გულშემატკივრებსა და მხარდამჭერებს.
ახლახან ფონდს ამერიკის საზღვაო ძალების კონტრადმირალი, დევიდ შიმპი შემოუერთდა, რომელიც თავის უმნიშვნელოვანეს მისიად, სწორედ დაჭრილ მეომრებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას მიიჩნევს.

პაატა პატიაშვილის თქმით, დევიდ შიმპი საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარია.

“იგი გახლავთ საქართველოს საპატიო კონსული ამერიკის შეერთებულ შტატებში. წლების განმავლობაში ის მრავალ პროექტში იყო ჩართული, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხით დახმარებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,  ვინაიდან დევიდისნაირი ადამიანების თანადგომა, მითუმეტეს ისეთი პარტნიორი ქვეყნიდან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას. დევიდ შიმპის გამოცდილება, მისი სურვილი და შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებით დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას უკიდურესად მნიშვნელოვანია  ჩვენთვის”, – თქვა ფონდის თანადამფუძნებელმა.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გამგეობის საპატიო წევრი დევიდ შიმპი ამბობს, რომ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სტრატეგიული პარტნიორია და შესაბამისად, ფონდიც არამხოლოდ ქართველი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მოკავშირეებისთვისაც.

“მე ახლახან შევუერთდი ფონდს და ძალიან მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ფონდი ჯარისკაცებისთვის ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს, როგორც საქართველოში, ისე მთელ რეგიონში. ფონდის მისია დაჭრილი ჯარისკაცების დახმარებაა, უმაღლესი განათლების დაფინანსება და მათი სამედიცინო თუ ემოციური მხარდაჭერა. ამერიკის ისტორიიდან, ჩემი ერთ-ერთი რჩეული გმირი, აბრაამ ლინკოლნია. მას მიაჩნდა, რომ ყველამ უნდა იზრუნოს მათზე, ვინც ომი გამოიარა, ვინც ბრძოლაში დაიბადა. მათ ოჯახებზე, ქვრივებზე თუ ობლებზე. ეს მხოლოდ ქართველებს არ ეხება. იმავეს ვიტყვი ამერიკელებსა და სხვა მოკავშირეებზეც, ყველაზე, ვისაც საკუთარი ქვეყნის ფორმა აცვია და დიდ მსხვერპლს გაიღებს. ამიტომ ხელი უნდა გავუწოდოთ დაჭრილებსა და მათ ოჯახებს”, – ამბობს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გამგეობის საპატიო წევრი დევიდ შიმპი.

საქართველოს სიყვარულს გულით ვატარებო ამბობს დევიდ შიმპი. და გვიამბობს, თუ როგორ ცდილობს საქართველო ამერიკელებს გააცნოს. გააცნოს პარტნიორებს – „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი.“

მისი თქმით, ფონდი იმათ ეხმარება, ვინც საზოგადოებისთვის ბევრი რამ გააკეთა, არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მოკავშირეებისთვისაც.

“როგორც იცით, საქართველოდან ყველაზე მეტი ჯარისკაცია ნატოში. თან საქართველო ნატოს წევრიც კი არ არის. ამერიკელები, ბრიტანელები, გერმანელები და ქართველები ერთად დგანან. ამიტომაც მიხარია, რომ ფონდის წევრი ვარ. საქართველო ჩვენი მოძმე ქვეყანაა და ეს საქმეც საერთოა. ჩვენ ბრძოლის ველზე მხარდამხარ ვიბრძვით, ამიტომ დაჭრილ ჯარისკაცებსაც ერთად უნდა დავუდგეთ გვერდში“, – ამბობს დევიდ შიმპი “ევრონიუს ჯორჯიასთან” საუბარში.

ახალ პარტნიორებთან ერთად, დაჭრილ ჯარისკაცთა ფონდს ძველი მეგობრებიც არ ივიწყებენ. მათ შორის არის ამერიკელი მეომარი, ახლა კი ბიზნესმენი იანეკ არაქელოვი.

“ჩვენი სპეციალიზაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინოების იმპორტი. როგორც ვეტერანებმა, როგორც ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლებმა, გადავწყვიტეთ კომპანიის დაარსება და მოგების ათი პროცენტის შეწირვა დაჭრილი მეომრებისა და ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლთათვის. როდესაც ჩვენ “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს” შევხვდით, თანამშრომლობის კიდევ ერთი მიზეზი აღმოვაჩინეთ. ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ ბრძოლებში და ეხმარებოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებს ავღანეთსა და ერაყში. გადავწყვიტეთ ხალხისთვის გაგვეზიარებინა ეს ამბავი და ჩვენი წვლილი შეგვეტანა იმ ჯარისკაცების რეაბილიტაციაში, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს”, –  ამბობს ამერიკელი ვეტერანი.

2021 წლის შემოდგომაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვეტერანებისთვის და სხვადასხვა ომში დაშავებული ჯარისკაცებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება იგეგმება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს. ამ ღონისძიებაში “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდიც” იქნება ჩართული.

„ამ თამაშების დაწყების წინ, 11 სექტემბერს კი დაჭრილი მებრძოლებისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო გალას გავმართავთ. მასზე სენატორი მარკ რუბიო და კონგრესმენი დარენ სოტო მოვიწვიეთ. ასევე სიტყვით გამოვა ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი. გალაზე ჩვენ მრავალ გავლენიან სტუმარს ველით, რომლებიც ჩვენი მისიის პოპულარიზაციასაც შეუწყობენ ხელს“, – თქვა იანეკ არაქელოვმა.

მანამდე კი, “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” მეომრებზე ზრუნვას განაგრძობს. ეს საქმიანობა პანდემიას არ შეუფერხებია. აქ სურთ, რომ ბრძოლებში დაშავებულმა ჯარისკაცებმა, ყურადღება მუდმივად იგრძნონ. გარდა იმისა, რომ “სილქ როუდ ჯგუფი“ და „სილქნეტი“ ფინანსურად თავად ეხმარება „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდს“, ასევე, ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ამ ფონდის მისიისა და ამოცანების პოპულარიზაციას ცდილობს და საზოგადოებას დაჭრილი მებრძოლების დახმარებისკენ მოუწოდებს.

„მინდა მაქსიმალურად გავუწიო პოპულარიზაცია “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“, მათ მხარდაჭერას და მათი ოჯახების მხარდაჭერას. მინდა ყველას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ მხარი დაუჭიროს ამ ფონდს”, –  ამბობს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend