მთავარიამბებიგენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ

გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს.

ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის საქართველოში ჩამოსვენების თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო.

წითელი ხალიჩის გასწვრივ განლაგებული საპატიო ყარაულის წარმომადგენლები გენერლის ნეშტს საქართველოს სახელმწიფო და პირველი რესპუბლიკის დროშებით დახვდნენ. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ დამსწრე პირებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გენერალ კვინიტაძის ხსოვნას.

აეროპორტიდან გენერლის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც 26 მაისამდე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend