მთავარისაქართველოპარლამენტში პოლიტიკური ამნისტიისა და საარჩევნო რეფორმის კანონპროექტებს განიხილავენ

პარლამენტში პოლიტიკური ამნისტიისა და საარჩევნო რეფორმის კანონპროექტებს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის 25 მაისის სხდომაზე, დეპუტატები ორ ძირითად საკითხზე მსჯელობდნენ.

იმ კანონპროექტებზე, რა საკითხების გამოც საქართველოს მოსახლეობას მრავალთვიან პოლიტიკურ კრიზისში უწევდა ცხოვრება. პოლიტიკური ამნისტიის შესახებ დეპუტატების წინაშე კანონპროექტის ორი ვერსია და მკაფიო შეუთანხმებლობაა. მმართველი პარტიაც და საპარლამენტო ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ სასურველია ორივე ვერსია გაერთიანდეს და ერთ კანონპროექტად დამტკიცდეს. თუ ასე არ მოხდა, კანონად „ქართული ოცნების ვერსია“ დამტკიცდება.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი შემუშავდა ზუსტად ისე, როგორც ეს მიშელის შეთანხმებაშია მოცემული და მისი სხვადასხვა ინტერპრეტაცია უბრალოდ შეუძლებია. ოპოზიციამ ამას მოაწერა ხელი, შესაბამისად, დღეს განსხვავებული ინტერპრეტაციები და თავის მართლება პასუხისმგებლობის პრობლემაზე მიუთითებს. ოპოზიციას სურს შეთანხმების შესრულება, მაგრამ სურს „ქართული ოცნების“ ხარჯზე“, – ამბობს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.


თუ პოლიტიკური ამნისტიის შესახებ პარლამენტის წინაშე დასამტკიცებლად „ქართული ოცნების“ კანონპროექტის ვერსია გავა, ამ შემთხვევაში ოპოზიციის უმრავლესობა აპირებს, რომ დეპუტატის პულტზე წითელ ღილაკს დააჭიროს თითი.

[br]„ეს პროექტი ასევე არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს. გუშინ ორი კომიტეტის განმავლობაში მიმდინარეობდა ცხარე განხილვა და ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო შემდეგი – შევასრულოთ ევროპული შეთანხმება ევროპული სტანდარტის დაცვით. ის, რასაც “ოცნება” წარმოადგენს, არ არის შეთანხმების შესრულება ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტის დაცვით. გუშინ მათ შორის ჩვენ გვესწრებოდა 20 ივნისის ორი დაზარალებული. რეალობა არის ასეთი – 2 წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” პროკურატურამ მოახდინა დე ფაქტო ამნისტირება 20 ივნისის უმძიმესი დანაშაულების.

ჩემი წინადადება იყო ასეთი – შეჩერდეს კანონპროექტის განხილვა, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ დაზარალებულებს, სახალხო დამცველს, უნდა დავიბაროთ გენერალური პროკურორი, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც 20 ივნისის დარღვევები დოკუმენტირებული აქვთ და მხოლოდ ამის შემდეგ განახლდეს განხილვა. ამასთან, “ლელოს” ინიციატივაა 20 ივნისთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა”, – განაცხადა ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, პარლამენტში პირველ მოსმენამდე მივიდა საარჩევნო რეფორმის შესახებ კანონპროექტი.

მმართელი გუნდის განცხადებით, ეს არის მაქსიმალურად სრულყოფილი ვერსია, რომელიც საქართველოში მკვეთრად შეცვლის საარჩევნო გარემოს.

„საარჩევნო რეფორმა არის ალბათ ის საკითხი, შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებიდან, რომელიც ფაქტობრივად კითხვის ნიშნებს არ უნდა იწვევდეს, რადგან შედარებით სრულყოფილად მივიღეთ მისი შინაარსი. ის, რაზეც ოპოზიცია დაობს, არის უცნაური, რადგან მმართელ გუნდს, რომელსაც უმრავლესობა აქვს, თუ მეტი წევრი ეყოლება საარჩევნო ადმინისტრაციაში, ამაში უცნაური არაფერია,“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო.

საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი განსახილველად და რეკომენდაციებითვის, გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში. ოპოზიცია ხელისუფლებას ურჩევს, რომ სანამ ვენეციის კომისიის დასკვნა არ გახდება ცნობილი, მანამ კანონპროექტის განხილვა გააჩეროს.

„სანამ ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციის დიდი ნაწილი თავს შევიკავებთ ამ კანონპროექტის მხარდაჭერისგან. ჩვენ დაველოდებით ამ დასკვნას, გადავხედავთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევჯერდებით თუ რა პოზიცია გვექნება. ამას მოვუწოდებთ მმართველ გუნდსაც,“ – აცხადებს ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი.

მმართელი პარტია საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების და პოლიტიკური ამნისტიის შესახებ კანონპროექტების მიღების მზადყოფნაშია.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხელისუფლებას დაჩქარებულ რეჟიმში სურს მათი მიღება, რათა ორივე კანონპროექტი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. პოლიტიკურ მხარეებს შორის ახლა უკვე საპარლამენტო პაექრობას დემოკრატიის ამ საკვანძო საკითხებზე, საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად აკვირდებიან.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend