მთავარიევროპაბელარუსიმორიგი სანქციები ბელორუსს

მორიგი სანქციები ბელორუსს

ბელორუსის მთავრობის მიერ ოპოზიციონერი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დაკავებასა და მის გარშემო შექმნილ ვითარებას ევროკავშირში მორიგი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს.

კერძოდ, გარდა ეკონომიკური და კონკრეტული პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა, ბელორუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ევროკავშირის აეროპორტებითა და საჰაერო სივრცით სარგებლობა.

ევროპელი ლიდერები ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმდნენ. როგორც ცნობილია, ბელორუსის ხელისუფლებამ  სამგზავრო თვითმფრინავის, რომელშიც ოპოზიციონერი ჟურნალისტი იმყოფებოდა, მინსკის აეროპორტში დაშვება მოითხოვა.

ევროკავშირის  შეფასებით, ავიაკომპანია „რაინეარის“  თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, გაიტაცეს.

[br]ევროკავშირი ბელორუსის მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რომან პროტასევიჩი და მისი პარტნიორი სოფია საპეგა.

ბელორუსის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები ბელორუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცითა და აეროპორტებით სარგებლობის აკრძალვას ითვალისწინებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი დემოკრატიაზე, გამოხატვის თავისუფლებასა და ევროკავშირის სუვერენიტეტზე თავდასხმაა, შესაბამისად, რეაგირებაც მკაცრი უნდა იყოს.

სანქციები დაუწესდება ინციდენტში მონაწილე პირებს, ასევე ბელორუსულ ავიაკომპანიებს აეკრძალებათ ევროკავშირის აეროპორტებისა და საჰაერო სივრცის გამოყენება.

ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ სანქციები ასევე უნდა დაუწესდეს იმ ბიზნესებისა და კომპანიების წარმომადგენელებს, რომლებიც მხარს უჭერენ ლუკაშენკოს რეჟიმს.

რომან პროტასევიჩი დაკავებიდან მომდევნო დღეს ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიით გამოჩნდა. ბელორუსის პრეზიდენტის აქტიური კრიტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, გავრცელებულ ვიდეოში აღიარებს, რომ ორგანიზებას უწევდა მინსკში მასობრივ არეულობას.

იმ დროს, როდესაც დასავლეთის ქვეყნებმა მკაცრად გააკრიტიკეს ბელორუსის მთავრობა მომხდარი ინციდენტის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მათ ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დასდო ბრალი. მათ 2013 წლის ინციდენტი გაიხსენეს, როდესაც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იმ თვითმფრინავის დაშვებას მოითხოვდა, რომელზეც ედუარდ სნოუდენი იმყოფებოდა.

საერთაშორისო აღშფოთების მიუხედავად, პრეზიდენტ ლუკაშენკოს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ბელორუსი ნატოს რამდენიმე  წევრ ქვეყანას ესაზღვრება, ეს ქვეყნებია პოლონეთი და ლიეტუვა,  ამიტომ მომხდარი ინციდენტი ახლა სამხედრო ალიანსის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend