მთავარიკულტურაქალაღაი - აზერბაიჯანის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

ქალაღაი – აზერბაიჯანის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

აბრეშუმის გზაზე მდებარე აზერბაიჯანული ქალაქი შაქი  დიდი ხანია, აბრეშუმის წარმოების ცენტრად ითვლება. თუმცა ქალაქს სახელი ყველაზე მეტად ქალის ტრადიციულმა თავსაბურავმა, ე.წ. ქალაღაიმ გაუთქვა.

ქალაღაის წარმოება საკმაოდ რთულია, იგი ცოდნასა და დიდი რაოდენობით ნედლეულს მოითხოვს.

ზაურ იაკუბოვი, AzerIpek-ის ფაბრიკის დირექტორი:

„ჩვენი კომპანია გასული საუკუნის დასაწყისიდან მოქმედებს, ჩვენ აბრეშუმის სრული საწარმოო ციკლი გვაქვს, ნედლეულის წარმოებით დაწყებული ქალაღაის თავსაბურავის დამზადებით დამთავრებული. ერთი აბრეშუმის ჭიის პარკი ათას მეტრ აბრეშუმის ძაფს იძლევა, ერთი ქალაღაის დამზადებას კი ათას მეტრზე მეტი სჭირდება.“

 
აბრეშუმის ჭიის პარკებს მდუღარე წყალში ყრიან, რომ დალბეს და ის წებოვნება გამოყოს, რომელიც პარკის შემადგენლობაშია. ეს საწარმოო პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან მიღებული ძაფი არ უნდა გაწყდეს.  თითოეული პარკიდან თითო წვერი ძაფი ეხვევა. მართალია, საწარმოო პროცესი ავტომატიზებულია, მაგრამ ზედამხედველი მაინც სჭირდება.

[br]მიღებული ქსოვილი ხელით იღებება, რაც დახვეწილ ოსტატობას მოითხოვს. ქალაღაის ბუნებრივი საღებავებით ღებავენ, როგორებიცაა კოწახური, ველური ვაშლი, ზაფრანა, მოცხარი და თუთუბო.

შეღებილ თავსაბურავს ჯერ აშრობენ, შემდეგ კი სპეციალური ორნამენტებით ხატავენ –  სწორედ დეკორაციაა ქალაღაის თვითმყოფადობის არსი.

სოფელ ბასქალში მცხოვრები აბასალი თალიბოვი ქალაღაის ოსტატების მეოთხე თაობას წარმოადგენს. იგი იმ იშვიათი ოსტატების რიცხვში შედის, რომელთაც ქალაღაის შექმნის ხელობა შემოინახეს.

ქალაღაიზე ორნამენტებს ხის ყალიბებით ბეჭდავენ, რომლებიც მსხლის, კაკლისა და ველური ვაშლის ხისგან ამზადებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოდა განუწყვეტლივ იცვლება, ქალაღაის ორნამენტები საუკუნეების განმავლობაში უცვლელი დარჩა.

ორნამენტებად ძირითადად მცენარეების ფორმებსა და გეომეტრიულ ფიგურებს იყენებენ, ყველაზე პოპულარული დიზაინი კი ე.წ. პეისლია.

ჰაიატ ხალილოვა ქალაღაის დიზაინერია და თავის თავსაფრებს ბაქოში საკუთარ მაღაზიაში ყიდის. მან აგვიხსნა, თუ როგორ უნდა გაარჩიო ნამდვილი ქალაღაი ყალბისგან.

ჰაიატ ხალილოვა, ქალაღაის დიზაინერი  და  მაღაზიის მეპატრონე:

„ნამდვილი აზერბაიჯანული ქალაღაი ბეჭედში უდნა გაძვრეს. მოდი, შევამოწმოთ ერთი მათგანი. როგორც ხედავთ, ეს აბრეშუმის ქალაღაი ადვილად გაძვრა ბეჭედში…ესე იგი ნამდვილია.“

ბასქალში ჩასულ ტურისტებს შეუძლიათ, ქალაღაის დამზადების პროცესს დაესწრონ და  მონაწილეობაც მიიღონ. თითქმის არავინ მოდის ამ სოფლიდან ისე, რომ ერთი თავსაფარი მაინც არ შეიძინოს.

ულდუზ აკპეროვა, შვეიცარიელი ტურისტი:

„უკვე 15 წელია, ჟენევაში ვცხოვრობ. მინდა, რომ ჩემს დედამთილს რაღაც განსაკუთრებული საჩუქარი ჩავუტანო. ქალაღაი ნამდვილად ასახავს აზერბაიჯანის უნიკალურობას, ძალიან  ორიგინალური და ლამაზია, არაჩვეულებრივი საჩუქარია.“

ელინა ბობკინა, რუსი ტურისტი:

„ბასქალში ვიყავი, სადაც ულამაზესი ქალაღაის თავშლებია. ძალიან მომეწონა ის, რაც იქ ვნახე, რადგან ბასქალში თავშლებს მამაკაცები ამზადებენ. კაცები ქალებს საჩუქარს საკუთარი ხელით უმზადებენ.“

2014 წელს იუნესკომ მშვენიერი და თან პრაქტიკული ქალაღაის მნიშვნელობა აღიარა და მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

ავტორი : ანდრა ბოლითო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend