მთავარისაქართველოწითურა აღმოფხვრილია

წითურა აღმოფხვრილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერ სიდჰარტა დატასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიასა და საქართველოში წითურას ინფექციის აღმოფხვრაზე ისაუბრეს. როგორც ჯანმოს წარმომადგენელი აღნიშნავს, მათ დღის განმავლობაში ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებზე. მისი თქმით, ევროპის რეგიონში ბევრ სხვა ქვეყანას შეუძლია, საქართველოს ინოვაციური მეთოდები გამოიყენოს.

საქართველოში მწვავე ვირუსული დაავადება, რომელსაც გამონაყარი, თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, ლიმფური კვანძების გაჩენა ერთვის თან და განსაკუთრებით ორსულთათვის არის საშიში, აღმოფხვრილია. ქვეყანამ ვაქცინაციის გზით წითურა დაამარცხა და ამის აღსანიშნად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან სერტიფიკატიც მიიღო.

 
„ერთი დაავადება ამ ქვეყანამ ვაქცინაციის გზით აღმოფხვრა. ეს ადამიანი იმისთვის ჩამოვიდა, რომ ჩვენი წარმატება ეღიარებინა. არ არის ბევრი ქვეყანა,  რომლებშიც წითურა აღმოფხვრილია. ამას იმ სკეპტიკოსებისათვის ვამბობ, რომელთაც ჰგონიათ, რომ თუ ვაქცინების საკმარისი რაოდენობა გვექნა, ვაქცინაციის კამპანიას ამ ქვეყანაში კარგად ვერ ჩავატარებთ. ამ ქვეყანას ეს შეუძლია და ამის მაგალითია ის, რომ ჩვენ წითურას ელიმინაცია მოვახერხეთ“, – ამბობს პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

[br]სერტიფიკატის გადასაცემად საქართველოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერი სიდჰარტა დატა ეწვია. მისი განცხადებით, საქართველომ შეძლო და დაამარცხა წითურა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვაქცინაციის მნიშვნელობას.

„გარდა იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით მოახერხა კოვიდ-19-ის პანდემიის მართვა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში წითურა აღმოიფხვრა.  ეს კიდევ ერთი შორს გადადგმული ნაბიჯი და იმის მტკიცებულებაა, რომ ვაქცინაცია მუშაობს. იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია“, – განაცხადა  სიდჰარტა დატამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერმა.

ვაქცინაცია პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ, წითურას მსგავსად, კორონავირუსიც წარსულს ჩაბარდეს, საქართველოში 236 ამცრელი ბრიგადა მუშაობს, რომლებსაც დღეში დაახლოებით 42 ადამიანის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ.

„ველოდებით, რომ ივნისის შუა რიცხვებში მივიღებთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის  43 ათას დოზას. ასევე მიღწეულია შეთანხმება ჩინურ მხარესთანაც  „სინოფარმის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზის მიღებასთან დაკავშირებით. ვაქცინას, სავარაუდოდ,  ივნისის მეორე ნახევარში მივიღებთ. მოლაპარაკება ასევე მიმდინარეობს კომპანია „ფაიზერთან“,  რომ ვაქცინის მილიონ დოზაზე გავაფორმოთ კონტრაქტი. საუბარია მესამე კვარტალში მილიონი დოზის ეტაპობრივად მიღებაზე“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

საქართველო უახლოესი თვეების განმავლობაში სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო  დამატებით ვაქცინებს ელოდება. ქვეყანაში ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესასრულებლად 2021 წლის ბოლომდე  მილიონ 700 ათასზე მეტი პირი უნდა აიცრას.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend