მთავარიამბებიდემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: პანდემიის დროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაიზარდა ადამიანის უფლებების დარღვევის...

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: პანდემიის დროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაიზარდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში, კოვიდ 19 პანდემიის შედეგად გაიზარდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მნიშვნელოვნად გაუარესდა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობა – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის დასკვნა.
ანგარიშში „პანდემიის ერთი წელი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში“ გაანალიზებულია კოვიდ 19 პანდემიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენები და მისი გავლენა ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე. დოუკმენტი მოიცავს 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის 5 მაისამდე პერიოდს.
ანგარიშში წარმოდგენილია ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდ 19-ის სტატისტიკა; ვაქცინაციის პროცესი; პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები; განათლების უფლების პრობლემა; სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხი; საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ქმედებები.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
გააქტიურდეს ოკუპირებული რეგიონებთან მიმართებაში. ახალგორის გარშემო განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია კრიზისების დროს კონკრეტული სამოქმედო გეგმა. მნიშვნელოვანია შეიქმნას ჰუმანიტარული მიმართულებით მომუშავე ადამიანთა სია. ასევე, მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების დროულად მიწოდებისთვის, წინასწარ უნდა შემუშავდეს რამდენიმე ალტერნატიული გზა;
დამატებითი დახმარება აღმოუჩინოს გალის რაიონის სკოლებს, მათ შორის, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მაღალი სიჩქარის მქონე ინტერნეტ პროვაიდერის შესვლის წახალისებით;
ბავშვის უფლებების მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვის დროს, გაითვალისწინოს აფხაზეთში და ცხინვალში ასევე, გამყოფ ხაზთან მცხოვრები ბავშვების საჭიროებები;
უზრუნველყოს ცხინვალში და აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურების/მედიკამენტების დროულად მიწოდება. შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფომ დაიწყოს მუშაობა როგორც ამ საკითხების მოსაგვარებლად, ასევე გალიდან და ახალგორიდან გადმოსული პაციენტებისთვის სერვისების გასამარტივებლად;
ხელი შეუწყოს ადგილზე არსებული საავადმყოფოების მედიკამენტებით და სხვა სამედიცინო აღჭურვილობით სრულად მომარაგებას. ვირუსის მართვის და მკურნალობის გამოცდილების გაზიარების მიზნით, უნდა შეიქმნას საკომუნიკაციო ხაზები ცხინვალის რეგიონის სამედიცინო პერსონალთან;
პანდემიასთან დაკავშირებით მიღებულ ანტიკრიზისულ გეგმაში გაითვალისწინოს გალში და ახალგორში მცხოვრები ათასობით თანამოქალაქის სპეციფიკური საჭიროებები. გამშვები პუნქტის დახურვის გამო, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, თუმცა სეზონური სამუშაოსთვის ან სავაჭროდ გალში გადადის (ძირითადად ქალები), საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. მნიშვნელოვანია მათი საჭიროებები სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამაში იყოს გათვალისწინებული;
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სანიტარული ნორმების დაცვით, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან აფხაზეთიდან ჩამოსული პირებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტების, პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების შეძენისთვის მუდმივად ფუნქციონირებადი პუნქტების მოწყობა;
გამოიყენოს ყველა მექანიზმი, რათა მიაღწიოს უკანასკნელ წლებში დაკეტილი საკონტროლო-გამშვები პუნქტების ხელახალ გახსნას;
პანდემიის გავლენის შესამცირებლად, ცხინვალსა და აფხაზეთში, აგრეთვე გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის, მდგომარეობის შესამსუბუქებლად, უნდა შეიმუშაოს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი პროგრამები. კონკრეტულად კი, არსებულ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის პროგრამებთან ერთად, აუცილებელია სპეციალური ფინანსური დახმარების სახელმწიფო პროგრამაც შეიქმნას;
„პანდემიამ უფრო მარტივი გახადა ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში რუსული ძალის პოპულარიზაცია და გაზარდა გავლენები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება და მათ შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, აფხაზეთში და ცხინვალში, ასევე, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend